"დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ის თავიდან შეუერთდა საქნციებს და შეუზღუდა წვდომა ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე, პოლიტიკური განცხადებების შემდეგ კი შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება. აქ უკვე ყველაფერი ნათელია," - ასე ეხმაურება "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას ეკონომისტი და ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას, აღუდგინოს საბანკო აქტივებზე წვდომა აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს.
"ძალიან მაღალ რისკებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაა, პირველ რიგში, საბანკო სისტემისთვის, რაც მას მომავალში გაურთულებს პარტნიორებთან ურთიერთობას. ქართული ბანკები დაკავშირებული არიან ევროპულ, ამერიკულ ბანკებთან და რეპუტაციული დარტყმა მათ გაურთულებს ურთიერთობებს.
მეორე მხრივ, შეიძლება იყოს გარკვეული სანქციები, რაც მნიშვნელოვან პრობლემას შეუქმნის ფინანსურ სექტორს. თუ საქართველოს ხელი აქვს მოწერილი კონვენციებზე, მათი შესრულება აუცილებელია და საქართველოს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ვინმეს დამნაშავედ ცნობის ან არცნობის შესახებ არ არის პირველხარისხოვანი საკითხი. თუ ჩვენ გვაქვს ვალდებულებები, მათ შესრულებას აუცილებლად მოგვთხოვენ. საერთაშორისო ხელშეკრულებები შიდა კანონდმებლობაზე აღმატებულია," - აღნიშნავს თუთბერიძე.
ეკონომისტის თქმით, ქართულ ბანკებს აქვთ უფლება, მიუხედავად სებ-ის გადაწყვეტილებისა, არ აღუდგინონ ოთარ ფარცხალაძეს წვდომა საბანკო ანგარიშებზე და სავარაუდოდ, ასეც მოიქცევიან, რადგან დარტყმის ქვეშ ვერ დააყენებენ საკუთარ ბიზნეს ინეტერესებს, "წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. საბანკო და ფინანსური სექტორი იმდენად გლობალიზებულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მარტივად მისაღები არ იქნება. თუ ბანკებს პრობლემები შეექმნება, ის გავრცელდება საქართველოს მოსახლეობაზეც, რამაც ფინანსური სისტემის კოლაფსი შეიძლება გამოიწვიოს."
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა და რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა. ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება შეეხოს საქართველოს მოქალაქეს თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. შედეგად, ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
შეგახსენებთ, 18 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული აქვს. ამის პასუხად "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სებ-ის გადაწყვეტილება "პირდაპირ ეწინააღმდეგება“ საქართველოს კონსტიტუციას.
ცნობისთვის, 14 სექტემბერს აშშ-მ ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში “ქართველი-რუსი ოლიგარქი” ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. მათივე ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) აღნიშნულ ოლიგარქთან მუშაობდა, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა, ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა.