„კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს - მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი დაზუსტების იმპლემენტაცია, მათ უნდა იხელმძღვანელონ ამ ინსტრუქციით,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს. სრულ უნისონში ვართ საქართველოს კომერციულ ბანკებთან. ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საერთაშორისო სანქციებს და ვალდებულებებს. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ საფინანსო ინსტიტუტს განსაკუთრებით მსხვილებს, აქვთ საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებიც, რასაც პატივს ვცემთ. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ - თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ახალი დაზუსტების იმპლემეტაცია, რომ ეს შესაბამისობაში იყოს როგორც მათ, ასევე ჩვენ ვალდებულებებთან.
რეაქცია და შეფასება იმისა, უნდა აღასრულოს თუ არა სებ-მა საქართველოს კონსტიტუცია, მხოლოდ ერთგვაროვანი შეიძლება იყოს და აქ განსხვავებული შეფასება არავის ექნება. შემდეგი დღეები ზუსტად იმით ვიქნებით დაკავებული, რომ დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ საერთაშორისო პარტნიორებს, საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე კონკრეტულ კომერციულ ბანკებს, თუ როგორ ხდება ამის აღსრულება, რომ მათი საერთაშორისო ვალდებულებებიც იქნას შესრულებული და პრობლემები არ შეიქმნას.
ჩვენი ინსტრუქცია არის სწორედ ბანკებისთვის და მათ უნდა იხელმძღვანელონ ამ ინსტრუქციით," - განაცხადა თურნავამ.