თეა წულუკიანი: იუსტიციის სახლების პროექტებისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას 3,5 მლნ ლარი სჭირდება

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესში წინა ხელისუფლების დროს დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას 3,5 მილიონი ლარი სჭირდება. ამის შესახებ წულუკიანმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვის და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მან დეპუტატებს პირობა მისცა, რომ აღნიშნული ხარვეზების გამოსწორებისთვის საჭირო 3,5 მილიონს მისი უწყება მოიძიებს.

"იუსტიციის სახლებს ვავითარებთ. თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა თბილისის იუსტიციის სახლს. მინდა გითხრათ, როგორც კარგი ამბავი, რომ თბილისის იუსტიციის სახლს დღეს ინფრასტრუქტურულად აქვს უფრო ნაკლები პრობლემა, ვიდრე ჰქონდა. იგივე ეხება გურჯაანის და სხვა იუსტიციის სახლებს, რომლებსაც სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები ჰქონდა. მე გპირდებით, რომ ჩვენ მოვიძიებთ იმ 3,5 მილიონ ლარს, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში ამ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში დაშვებული სერიოზული ხარვეზების გამოსწორებას სჭირდება. წელს და გაისად დაგვჭირდება 3,5 მილიონი ლარი, რომ მთლიანად გამოვასწოროთ ეს პრობლემები, მათ შორის თბილისის იუსტიციის სახლთან დაკავშირებული ხარვეზები", - აღნიშნა წულუკიანმა.