20 სექტემბრისთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ორი ქართული კომერციული ბანკის აქციათა ღირებულება იკლებს.
ერთი დღის განმავლობაში, ვაჭრობის გახსნიდან თბილისის დროით 14:40 საათისთვის "საქართველოს ბანკის" აქციების ღირებულება 4.02%-ითაა შემცირებული, დღის დასაწყისში შეადგენდა 3,745 GBX-ს (პენი სტერლინგი), ამ დროისთვის კი შეადგენს 3,575 GBX-სს.
რაც შეეხება TBC ბანკს, აქ კლება შედარებით მცირეა და 1.35%-ს შეადგენს. ამჟამად, ბანკის აქციები 2,930 GBX-ია, დღის დასაწყისში კი 2,975-ს შეადგენს.
დაზუსტებით თქმა, რამდენადაა კავშირში კლება საქართველოს ეროვნულ ბანკის გადაწყვეტილებასთან, სებ-ში მიმდინარე პროცესებთან და საბანკო სექტორში განვითარებულ მოვლენებთან, შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ აქციების ღირებულება მცირდება იმის ფონზე, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჯერ შეუზღუდა წვდომა ანგარიშებზე აშშ-ს მიერ სანქცირებულ „ქართველ-რუს ოლიგარქ“ ოთარ ფარცხალაძეს, პოლიტიკური განცხადებების შემდეგ კი გამონაკლისი დაუშვა და კვლავ აღუდგინა.
14 სექტემბერს აშშ-მ ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში “ქართველი-რუსი ოლიგარქი” ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. მათივე ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) აღნიშნულ ოლიგარქთან მუშაობდა, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.
18 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული აქვს. ამის პასუხად "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სებ-ის გადაწყვეტილება "პირდაპირ ეწინააღმდეგება“ საქართველოს კონსტიტუციას.
ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება შეეხოს საქართველოს მოქალაქეს, თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. შედეგად, ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.
აღსანიშნია, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვრიშვილმა. რამდენიმე კომერციული ბანკის, Liberty-ს, TBC-ის და "საქართველოს ბანკის" განცხადებით, ისინი დაიცავენ და გააგრძელებენ საერთაშორისო სანქციების დაცვას.
ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა და ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა.