წელს პირველად ხდება, როდესაც დევნილების შესახლება თბილისში ახლად აშენებულ ბინებში მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
"263 000 დევნილი გვყავს ამ წუთში საქართველოს ტერიტორიაზე და დაახლოებით, 200 000 ადამიანია, რომლებიც გასულები არიან ქვეყნიდან და ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათი უმრავლესობა რუსეთში. 85 000 ოჯახიდან 22 წლის განმავლობაში, რაც ისინი დევნილები გახდნენ, მხოლოდ 29 000 ადამიანია დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დანარჩენებს სახელმწიფოსგან არ მიუღიათ საცხოვრებელი, მართალია ისინი დროებით ცხოვრობდნენ ზოგი სახელმწიფოსგან მიღებულ გარკვეულ შენობებში, ზოგიერთი მათ მიერ ნაქირავებ თუ ნაყიდ სახლებში, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დასაკმაყოფილებელია ჯერ კიდევ 2/3. ვგულისხმობ, ეს არის ციფრი, საქართველოში მყოფი დევნილების. ამ 29 000-დან 7000-მა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი მიიღო ბოლო ორი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც ხელისუფლება შეიცვალა საქართველოში. 2016 წლის ბოლომდე კიდევ დაახლოებით, 6670 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ სახლს. ეს არის უკვე დაგეგმილი, ან მიმდინარე მშენებლობები და ამაში არ შედის ის გეგმები, რაც შეიძლება დაემატოს", - განაცხადა სუბარმა.