"კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს," - ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ გუშინ გააკეთა, მას შემდეგ, რაც კანონმდებლობაში ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს არ შეეზღუდება წვდომა საბანკო ანგარიშებზე, სანამ სასამართლო არ დაადგენს ამას.
კომერციულმა ბანკებმა ამ გადაწყვეტილებიდან მალევე გაავრცელეს განცხადებები, რომ ისინი საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. თუ რას გულისხმობდა ნათია თურნავა იმაში, რომ კომერციული ბანკები რეგულატორს უნდა დაემორჩილონ, ამის დასაზუსტებლად "ბიზნესპრესნიუსი" დაუკავშირდა ბიზნეს სამართლის სპეციალისტს, აკაკი ჩარგეიშვილს, რომელსაც მიაჩნია, რომ ამგვარი განცხადება კომერციული ბანკების მიმართ მუქარის შემცველია.
"ეროვნულმა გუშინდელი ბრძანებით, შეზღუდა კომერციული ბანკების საქმიანობა, ეს კი გამოიხატება იმაში, რომ თუკი სანქცირებული პირი თავისუფლად ოპერირებს, გამოდის, რომ კომერციულმა ბანკმა ამ პირს უნდა მისცეს შესაძლებლობა გადარიცხვების, რაც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ ქართული ბანკების შეზღუდვას გამოიწვევს, რადგან ყველა ტრანზაქცია შუალედური, მედიატორი ბანკების საშუალებით მიმდინარეობს საერთაშორისო გადარიცხვებისას.
რეალურად, სებ-ი პირდაპირ დაემუქრა კომერციულ ბანკებს. ფაქტობრივად, სებ-მა მათ უარის თქმის უფლება წაართვა და თუკი ისინი სანქცირებულ ადამიანს მოემსახურებიან, აქეთ დაუწესდებათ სანქციები. ამის თავიდან ასარიდებლად, კომერციული ბანკები, სავარაუდოდ, სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებას დაიწყებენ," - ამბობს აკაკი ჩარგეიშვილი.
აკაკი ჩარგეიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ საერთაშორისო სანქცირების პრინციპი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება და ეროვნულ ბანკს საქმის გასარკვევად სასამართლო არ ესაჭიროება, რადგან თავად შეუძლია მოკვლევა საკითხზე.
"ეროვნული ბანკში, რომელიც ყველაზე მეტადაა კონსტიტუციით დაცული, დამოუკიდებელი, ავტონომიური ერთეული, პოლიტიკური კომპონენტის შეღწევა მოხდა. გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდებოდა უდანაშაულობის პრეზუმფციას.
ეროვნული ბანკი გადაფარულია ორგანული კანონით, რადგან ის მაღლა დგას სხვა პროცესუალურ თუ მატერიალურ ნორმებთან მიმართებაში, შესაბამისად, ევროპარლამენტის თუ აშშ-ის მიერ სანქციების გამოცემისას არ ხდება სასამართლო წესით დადგენა, აქ ხდება მოკვლევა, რომლის ინსტიტუცია თვითონ ეროვნულ ბანკსაც გააჩნია, რათა ადმინისტრაციულად შეისწავლოს, რასთან აქვს საქმე. ეს ჰარმონიაშია მოსული სხვა საერთაშორისო სისტემებთანაც. ქართული ბანკების მიერ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა, საერთაშორისო არენაზე თავად კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის სანქცირებას გამოიწვევს. სასამართლო სებ-ს მაშინ სჭირდება, თუ სხვა უჩივლებს მას," - ამბობს აკაკი ჩარგეიშვილი.
ცნობისთვის, 14 სექტემბერს აშშ-მ ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში “ქართველი-რუსი ოლიგარქი” ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. მათივე ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) აღნიშნულ ოლიგარქთან მუშაობდა, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.
18 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული აქვს. ამის პასუხად "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სებ-ის გადაწყვეტილება "პირდაპირ ეწინააღმდეგება“ საქართველოს კონსტიტუციას.
ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება შეეხოს საქართველოს მოქალაქეს, თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. შედეგად, ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.
აღსანიშნია, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვრიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. რამდენიმე კომერციული ბანკის, განცხადებით კი ისინი დაიცავენ და გააგრძელებენ საერთაშორისო სანქციების დაცვას.