ამჯერად ნორვეგია - რუსულნომრიანი ავტომობილების შესვლა რუსეთის მოსაზღვრე ყველა ევროპულმა ქვეყანამ აკრძალა

ნორვეგიამ, ფინეთის, პოლონეთისა და ბალტიისპირა სახელმწიფოების შემდეგ, ქვეყანაში რუსულნომრიანი ავტომობილების შესვლა აკრძალა. ამდენად, ახალ სანქციას რუსეთის მოსაზღვრე ყველა ევროპული ქვეყანა შეუერთდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, Nrk.no ქვეყნის სახელმწიფო მდივან ეივინდ ვად პეტერსონზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მუშაობს ახალ წესებზე, რომლებიც ნორვეგიის ტერიტორიაზე რუსეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების შესვლას კრძალავს.

„ამჟამად ვსწავლობთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს და კონკრეტული ზომებით მალე დავბრუნდებით,“ - აცხადებს ეივინდ ვად პეტერსონი.

მანამდე რუსულნომრიან მანქანებს ქვეყანაში შესვლა პოლონეთმა, ფინეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა აუკრძალეს.

ფინეთის ხელისუფლებამ განმარტა, რომ აკრძალვა არ შეეხება ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის მოქალაქეებსა და ოჯახებს, მათ შორის მეორე მოქალაქეობის მქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ რუსეთში. ასევე, შეზღუდვები არ ვრცელდება დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე მანქანებსა და ჰუმანიტარულ ტრანსპორტზე.

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ლაური ლაენემეცმა განაცხადა, რომ რუსული სანომრე ნიშნის მქონე მანქანები ან უნდა ჩამოერთვას მფლობელს ან ხელახლა დარეგისტრირდეს ესტონეთში. ლიეტუვა, ასევე, დაიმუქრა, რომ ევროკავშირში რუსული ნომრის მქონე ავტომობილები კონფისკაციას დაექვემდებარება, თუმცა ლატვიის ხელისუფლებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ასეთი მანქანები უკვე ევროკავშირის ტერიტორიაზე იმყოფება, ქვეყნის მთავრობა მათ კონფისკაციას არ მოახდენს.

ცნობისთვის: 8 სექტემბერს ევროკომისიამ დაადასტურა სასანქციო კანონმდებლობის ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილებით ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აიკრძალა. უწყების განცხადებით, „არ აქვს მნიშვნელობა, ავტომობილი კერძო თუ კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება, რადგან ის XXI დანართში ჩამოთვლილ საბაჟო კოდებს ექვემდებარება, რომლებიც რუსეთში წარმოებულ ან რუსეთიდან ექსპორტირებულ საქონელს შეეხება.“ ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა პერიოდით შედის ევროკავშირში ავტომობილი რუსული ნომრით და რა საბაჟო პროცედურას გადის, როგორიც არის, მაგალითად, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება თუ დროებითი იმპორტი. ამასთან, ევროკომისია განმარტავს, რომ ევროკავშირის თითოეული ქვეყანა თავად წყვეტს, თუ როგორ შეასრულოს სანქციები და ევროკომისიის აღნიშნული განმარტებები იურიდიულად სავალდებულო არ არის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ