Fed-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა

აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა ბოლო სხდომაზე მონეტარული პოლიტიკა აღარ გაამკაცრა და წლის ბოლომდე მხოლოდ ერთი ზრდა დააანონსა. ამჟამად საპროცენტო განაკვეთები 22-წლიან მაქსიმუმზეა.

ღია ბაზრის კომიტეტმა განაკვეთების ზრდას მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად, ფედერალური ფონდების განაკვეთი 5.25-5.5 პროცენტის ფარგლებში იქნება.

აღსანიშნია, რომ 2022 წლის მარტიდან მოყოლებული ფედერალური რეზერვი აგრესიულ მონეტარულ პოლიტიკაზე გადაერთო მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის მოსათოკად. ინფლაციის შემცირებასთან ერთად კი Fed უფრო მეტად ფრთხილ სვლებს აკეთებს.

პოლიტიკის შემქმნელები ვარაუდობენ, რომ 2024 წელს განაკვეთები 5 პროცენტის ფარგლებში იქნება. მოსალოდნელია, რომ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფლაცია 3.7%-მდე იქნება, ხოლო მიზნობრივ 2%-იან მაჩვნებელზე 2026 წლამდე ჩამოვა.

კახი ჩაკვეტაძე