საფეხბურთო კლუბებში კორუფციის სქემის გამოვლენის ფაქტზე დაკავებულ რვა პირს გირაო შეეფარდა

გირაო ბარლდებულებზე სხვადასხვა თანხით განისაზღვრა.

საფეხბურთო კლუბებში კორუფციის სქემის გამოვლენის ფაქტზე დაკავებულ რვა პირს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გირაო შეეფარდა. გირაო ბარლდებულებზე სხვადასხვა თანხით განისაზღვრა. როგორც საქმის პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. "რვავე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნა სხვა აღკვეთის ღონისძიება. ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიმართ გირაო 20 000 ლარით განისაზღვრა, ფეხბურთელების მიმართ 10 000-ით, ხოლო გუნდის ხელმძღვანელის მიმართ 15 000 ლარით. სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობს გარკვეული საფრთხე მოწმეებზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, თუმცა ისეთი დონის არა, რომ ბრალდებულებისთვის პატიმრობა შეეფარდებინა", - განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების დასაბუთებულ განჩინებას ბრალდების მხარე გაეცნობა და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, გაასაჩივრებს თუ არა გირაოთი გათავისუფლებას სააპელაციო წესით.

კომენტარი ბრალდებულების ერთ-ერთმა ადვოკატმაც გააკეთა. როგორც კახა მაღრაძემ აღნიშნა, საქმის მასალებში დევს ფარული ჩანაწერები, რომლის საფუძველზეც ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ. კერძოდ, ადვოკატის ინფორმაციით, ჩანერგილი იყო პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა. "ბრალდებულები ჯერჯერობით არ არიან დაკითხულები. არ გვაქვს გადაწყვეტილი, რა პოზიციას დავიჭერთ. საქმის მასალებს სრულად არ ვიცნობთ და მას შემდეგ, რაც შევისწავლით საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების საკითხს, ჩამოვაყალიბებთ პოზიციას. მადლობლები ვართ მოსამართლის, რომ გაითვალისწინა ის, რომ სპორტი მისახედია, რაც შეეხება საქმის მასალებს, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ორი მოწმე, შს სამინისტროს თანამშრომლები. ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებები ჩვენ არ გვინახავს", - განაცხადა ადვოკატმა.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 13 ივნისს ჩაინიშნა.