გიორგი კვირიკაშვილმა კომიტეტების სხდომაზე დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა

ჰოლანდიელი ექსპერტების დახმარებით მწვანილის ექსპორტის განვითარების კონკრეტული ღონისძიებები მუშავდება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

"მოგეხსენებათ, რომ მწვანილის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება დსთ-ს ქვეყნებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებულად ხელი შევუწყოთ მასშტაბურ ექსპორტს ევროპაში, ამისთვის, ჰოლანდიელი ექსპერტების დახმარებით მუშავდება დარგის განვითარების კონკრეტული ღონისძიებები, ასევე ევროპული სტანდარტების შესაბამისი სასათბურე მეურნეობის შექმნის ბიზნესგეგმა, რომელიც ასევე მრავალმილიონიანი პროექტია. ეს პროექტი დადებით ზეგავლენას მოახდენს იმ რეგიონზე, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ვინაიდან ამ რეგიონის პოტენციალი ამ მიმართულებით ცნობილია", - განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ეს პროექტები სახელმწიფო რესურსებით განხორციელებული არ იქნება.

"ვიმუშავებთ რამდენიმე მიმართულებით, ძირითადი წამყვანი ძალა იქნება კერძო სექტორი, თუმცა პარტნიორობის მოდელები იქნება გათვალისწინებული, როგორც საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, ასევე პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება საკანონმდებლო მიმართულებას, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 2 ახალ საკანონმდებლო პაკეტზე მიმდინარეობს მუშაობა, ესენია - საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად, ინვესტიციების ხელშემწყობი კანონმდებლობის შეცვლა და ასევე კონკრეტული პროექტების დაპაკეტება, როგორიცაა მაგალითად, წყალტუბოს სპა კურორტის რეაბილიტაცია და განვითარება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საპარტნიორო ფონდთან ერთად, ფრანგული კომპანია "ვიშის" მეშვეობით ამ კურორტის, ფაქტობრივად, სერტიფიცირება ხდება.

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კურორტია, თუმცა დღემდე საერთაშორისო დოკუმენტალურად დადასტურებული კვლევები ამ მიმართულებით არ განხორციელებულა. სწორედ ამისთვის უმაღლესი რეპუტაციის მქონე კომპანია დღეს ახორციელებს ამ მიმართულებით კვლევას. ეს რამდენჯერმე გაზრდის ამ პროექტის კაპიტალიზაციას. ამ კურორტზე იგეგმება რამდენიმე ათეული მილიონობით ინვესტიცია და ჩვენ უკვე კონკრეტულ ინვესტორებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ სამთო კურორტებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, ამ მხრივ მან გუდაურსა და ბაკურიანში ხელოვნური აპარატურის დამონტაჟება დაასახელა. კვირიკაშვილმა გუდაურსა და ბაკურიაში სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა.