„ბაზრის გამანადგურებელი კოლაფსი“ - რუსულ ხორბალზე ფასები ჩამოიშალა

რუსული 12,5%-იანი ცილოვანი ხორბლის ფასი ღრმაწყლოვან პორტებში ტონაზე 950 რუბლით (10 დოლარით), ანუ 15-15,2 ათას რუბლამდე (157-159 დოლარამდე) შემცირდა. რუსული ხორბალი ექსპორტიორების დაბალი მოთხოვნის ფონზე გაიაფდა, რომლებიც ორიენტირებული არიან უკვე შეძენილი მოცულობების მიწოდებასა და დადებული კონტრაქტების შესრულებაზე. ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „რუსაგროტრანსის“ მასალებში წერია, რასაც „აგროინვესტორი“ ავრცელებს.

დაბალწყლიან პორტებში მოთხოვნის საორიენტაციო ფასებმა 1,1 ათასი რუბლით (11 დოლარით) მოიკლო და ტონაზე 12,4 ათასი რუბლი (129,5 დოლარი) შეადგინა, მაშინ, როცა გასული წლის ამ პერიოდში დაბალწყლიან პორტებში ტონა ხორბალი 13,7 ათასი რუბლი (143 დოლარი), ღრმაწყლოვანში კი 14,6 ათასი რუბლი (152 დოლარი) ღირდა.

12,5%-იან ცილოვან რუსულ ხორბალზე საექსპორტო მოთხოვნის FOB-ფასი სექტემბერ-ოქტომბრის მიწოდებისთვის ტონაზე 5 დოლარით, ანუ 242 დოლარამდე შემცირდა.

ექსპერტების შეფასებით, დაბალი მოთხოვნის ფონზე ბაზარზე დიდი მარაგი და ახალი მოსავალი ზემოქმედებს.

ანალიტიკური კომპანია, „პროზერნო“ ხორბალზე მიმდინარე ფასების დაცემას „ბაზრის გამანადგურებელ კოლაფსს“ უწოდებს. კომპანიის გენერალური დირექტორი, ვლადიმერ პეტრიჩენკო აცხადებს, რომ ფასების ასეთი კოლაფსი მარცვლეულის ბაზრისთვის სახელმწიფოს მხრიდან ნაკლებმა მხარდაჭერამ და მზარდმა საექსპორტო გადასახადმა გამოიწვია, რაც რუბლის მიმდინარე კურსის ფონზე ფერმერებზე მეტად ზემოქმედებს. დიდია მარცვლეულის მარაგიც, რაც ფასებზე, ასევე, ზეწოლას ახდენს.

„ამ პროცესებზე რეაგირების არარსებობის გამო ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და ფასებიც ჩამოიშალა,“ - ამბობს პეტრიჩენკო.

მარცვლეულის ბაზრის დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე კორბუტი მიიჩნევს, რომ რუსეთში მარცვლეულის წარმოების ახალი ტრენდი ყალიბდება. კერძოდ, „მოსავლიანობისა და პროდუქტიულობის ზრდის ათწლიანი ტრენდი საპირისპირო ტრენდით შეიცვლება, ანუ წარმოებაში ჯერ სტაგნაცია, შემდეგ კი მდგრადი ვარდნა მოხდება“.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ