უკრაინელი ჩინოვნიკები 90 დღეში დეკლარაციის შეუვსებლობის შემთხვევაში თანამდებობას დაკარგავენ

უმაღლესი რადას დეპუტატებმა ელექტრონული დეკლარაციების შესახებ კანონი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მანამდე დადებული ვეტოს გათვალისწინებით მიიღეს. ინფორმაციას რადას პრესსამსახური ავრცელებს.

კანონი უკრაინელ ოფიციალურ პირებსა და დეპუტატებს ავალდებულებს, საგადასახადო დეკლარაციები დაუყოვნებლივ გახსნან და არა ერთი წლის შემდეგ, როგორც ეს პარლამენტის მიერ ადრე დამტკიცებული დოკუმენტით იყო გათვალისწინებული.

უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა დასძინა, რომ საომარი მდგომარეობის პერიოდში დახურული დარჩება უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების, ტყვე და დაჭრილი ჯარისკაცების, ასევე, იმ ფიზიკური და იურიდიული პირების დეკლარაციები, რომლებიც საომარი მოქმედებების ზონაში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან.

პრესსამსახურის ცნობით, კანონი ავალდებულებს ყველას, ვისაც 2022-2023 წლებში საშემოსავლო დეკლარაცია არ შეუვსია, ეს 90 დღის განმავლობაში გააკეთოს. ვინც კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციას არ წარადგენს, დარღვევის აღმოჩენის მომენტიდან სამი დღის ვადაში შესაძლოა, თანამდებობიდან გათავისუფლდეს.

12 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვეტო დაადო ელექტრონული დეკლარაციების შესახებ დეპუტატების მიერ ერთი კვირით ადრე მიღებულ კანონს. პრეზიდენტმა ვეტოს მიზეზი მაშინ იმით განმარტა, რომ „დეკლარაციები ერთ წელიწადში კი არა, სასწრაფო წესით უნდა იხსნებოდეს.” ზელენსკიმ დეპუტატებს ამ აუცილებელი ცვლილებით კანონის დროული კენჭისყრისკენ მოუწოდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ