საკანონმდებლო ორგანოში, შს მინისტრის ვახტანგ გომელაურისა და ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მოსმენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართება.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან 11:00 საათზე შეიკრიბებიან.
როგორც აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ისინი ხელისუფლების „პრორუსულ პოლიტიკას გააპროტესტებენ“.
შეგახსენებთ, დღეს, 22 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ორი მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა გაიმართება. პარლამენტში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მივლენ. გომელაურმა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაგზავნილ კითხვებს უნდა უპასუხოს. კითხვებით მას ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა.
რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, ის ანაკლიის პორტის თემაზე ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ არის მიწვეული.