ეს არ ნიშნავს ვალდებულებას, რომ საფინანსო ინსტიტუტმა აუცილებელი პირობით უნდა მისცეს პირს წვდომა ანგარიშზე - ბანკების ასოციაცია სებ-ის მიერ დაშვებულ საგამონაკლისო წესზე

ეს არ ნიშნავს ვალდებულებას, რომ საფინანსო ინსტიტუტმა აუცილებელი პირობით უნდა მისცეს პირს წვდომა ანგარიშზე, ამის შესახებ ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა სებ-ის მიერ სანქციების შესრულების წესში დაშვებულ საგამონაკლისო ჩანაწერს.

„საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობის გარანტს, საერთაშორისო საფინანსო სექტორის განუყოფელ ნაწილს და მოქმედებენ გამჭვირვალობის პრინციპით.

საქართველოს საბანკო სექტორი განუხრელად იცავს და მომავალშიც დაიცავს საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს და სრულად იქნება აღნიშნული სანქციები იმპლემენტირებული. საშუალებაც კი არ არსებობს, რომ აღნიშნულ სანქციები არ დაიცვას რომელიმე საფინანსო ინსტიტუტმა, განსაკუთრებით ბანკებმა. სანქციების შეუსრულებლობა წარმოუდგენელიც კი არის, რადგან საქართველოს საბანკო სისტემა არის საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილი და მის გარეშე ვერ იფუნქციონირებს.

ამჟამად საბანკო სექტორი აგრძელებს თანამშრომლობას ეროვნულ ბანკთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო სანქციების საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. თუ კითხულობთ, ეს გამონაკლისი მიუთითებს თუ არა იმას, რომ მოუწევს საფინანსო ინსტიტუტს სანქციების დარღვევა - შემიძლია გითხრათ რომ არა, რადგან აღნიშნული ცვლილება შევიდა რეგულაციაში, შეზღუდვაში, რომელიც უზრუნველყოფდა ყველა ადამიანისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვას და საგამონაკლისოდ ითქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება მხოლოდ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება შემზღუდავი ანგარიშებზე წვდომის კუთხით. ეს არ ნიშნავს ვალდებულებას, რომ საფინანსო ინსტიტუტმა აუცილებელი პირობით უნდა მისცეს წვდომა ანგარიშზე პირს, რადგან როგორც იცით, სანქცია არ არის ერთადერთი საშუალება, რომლითაც ბანკმა შეიძლება უარი თქვას კონკრეტული პირის მომსახურებაზე,“- განაცხადა ძნელაძემ.

თაია არდოტელი