ირაკლი ღარიბაშვილი: ლარის სტაბილიზაცია უახლოეს ერთ-ორ კვირაში დაიწყება

იმპორტში გვაქვს კლება, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ლარის სტაბილიზაცია უახლოეს ერთ-ორ კვირაში დაიწყება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა.

"პრივატიზაციის ნაწილში გვაქვს შედგენილი ნუსხა იმ ობიექტების, რომლებიც უნდა გაიყიდოს უახლოესი თვეების განმავლობაში. რამდენიმე ობიექტის გაყიდვა უკვე მოხდა. ასევე ჩვენ ველოდებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის - გარდაბნის თბოელექტროსადგურის გაყიდვას, რაც დამატებით, დაახლოებით, 300 მილონ დოლარს შემოიტანს ქევეყანაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ტურიზმის მიმართულებით დადებითი ტენდენციებია, და უკვე გამოცოცხლება შეინიშნება. "აპრილის წინასწარი მონაცემებით, იმპორტში გვაქვს კლება, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ლარის სტაბილიზაცია დაიწყება უახლოეს ერთ-ორ კვირაში, ასე რომ, ჩვენი და ეროვნული ბანკის პროგნოზებით, თუმცა მე არ მინდა მათ ნაწილზე ვისაუბრო, ეს სწორედ ეროვნული ბანკის პრეროგატივაა და უმჯობესია მათ გააკეთონ განმარტებები, ჩვენ ველოდებით, რომ ლარის სტაბილიზაცია დაიწყება უახლოეს ორ-სამ კვირაში. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თქვენი განცხადებები და ის დემაგოგია, რომელსაც ისმენს მოსახლეობა ყოველდღიურად და იმ აჟიოტაჟს, რასაც თქვენ ქმნით ხელოვნურად ქვეყანაში, ეს, რა თქმა უნდა, სიტუაციის დარეგულირებას ხელს არ უწყობს და, რა თქმა უნდა, ეს ქმნის აჟიოტაჟის ფონს", - განაცხადა ღარიბაშვილმა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ლარის სტაბილურობაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს ეკისრება.