Which?-ის კვლევა - სასტუმრო ნომრები Airbnb-ით დაჯავშნილ აპარტამენტებზე იაფია

სასტუმრო ნომრები Airbnb-ით დაჯავშნილ აპარტამენტებზე იაფია. ამის შესახებ სამომხმარებლო ჯგუფ Which?-ის უახლეს კვლევაში წერია, რასაც The Independent ავრცელებს.

Which?-ის ექსპერტებმა ათასობით სასტუმრო ნომრის ღირებულება გაქირავების პოპულარული ვებგვერდის 300 000 ერთადგილიანი განსახლების ვარიანტს შეადარეს. კვლევა დიდი ბრიტანეთის 13 და მსოფლიოს 37 პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას მოიცავდა. ანალიზი 12 თვის განმავლობაში, კერძოდ, მაისიდან მაისამდე დაფიქსირებულ საშუალო ფასებს ეფუძნება.

დადგინდა, რომ სასტუმროს ტარიფები ერთი ადამიანისთვის დღეღამეში, საშუალოდ, 125 დოლარს, Airbnb-სა და Vrbo-ზე კი 148 დოლარს შეადგენს.

„დამსვენებლებს შესაძლოა, გაუკვირდეთ, რომ ბევრ მიმართულებაზე სასტუმრო ნომრების საშუალო ღირებულება უფრო იაფია, ვიდრე ერთოთახიანი აპარტამენტები, რომლებსაც ხშირად მოგზაურთათვის ფულის დასაზოგ პოპულარულ ვარიანტად მოიხსენიებენ. შემდეგი მოგზაურობის დაგეგმვისას ნუ იფიქრებთ, რომ სასტუმრო უფრო ძვირი დაჯდება. სანაცვლოდ, შეამოწმეთ ფასები სხვადასხვა პლატფორმაზე. თუმცა დიდი ჯგუფებისთვის, რომლებსაც მეტი ოთახი და სივრცე სჭირდებათ, კერძო გაქირავება სასტუმროზე იაფი დარჩება,“ - აცხადებს ჟურნალ Which? Travel-ის რედაქტორი, რორი ბოლანდი.

როგორც წესი, სახლების გაქირავების კომპანიები ტრადიციულ ვარიანტებზე უფრო იაფი სერვისის რეპუტაციით სარგებლობენ, რადგან სტუმრები ადგილზე პერსონალს არაფერს უხდიან. თუმცა Which?-ის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კორონავირუსული პანდემიის დროს გაქირავების ვებგვერდის პოპულარობის ზრდამ მათი გაძვირებაც გამოიწვია.

მაგალითად, საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე, Airbnb-ისა და Vrbo-ს განცხადებები, როგორც წესი, 71%-ით ძვირი იყო და, საშუალოდ, 251 დოლარს შეადგენდა, მაშინ, როცა სასტუმრო ნომრები 147 დოლარად იყო ხელმისაწვდომი. ასევე, ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში განთავსების კერძო ობიექტები სასტუმრო ნომრების საშუალო ფასზე, ანუ 143 დოლარზე 58%-ით ძვირი ღირდა და, საშუალოდ, 226 დოლარს შეადგენდა.

ზოგადად, სასტუმროს ფასები, ასევე, იაფი იყო აზიის ბევრ მიმართულებაზე, როგორიც არის, მაგალითად, ჰონგ კონგი, სადაც ფასებში სხვაობა 85%-ს შეადგენდა. მსგავსი მაჩვენებელი დაფიქსირდა სინგაპურსა და დუბაიში.

ასევე, გამოვლინდა, რომ გაერთიანებული სამეფოს რამდენიმე ტურისტულ ადგილას, როგორც წესი, სასტუმროში დარჩენა Airbnb-ითა და Vrbo-ით დაჯავშნაზე იაფია. მაგალითად, პოპულარულ ზღვისპირა ქალაქ საუთვოლდის სასტუმროები, საშუალოდ, 192 დოლარი ღირს, მაშინ, როცა გაქირავების ვებგვერდებზე დაჯავშნის საშუალო ღირებულება 276 დოლარს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ