გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება, დიახ, გაუარესდა და ძალიან ვწუხვართ ამაზე

ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება, დიახ, გაუარესდა და ძალიან ვწუხვართ ამაზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა.

"სტრატეგია 2020-ში, რა თქმა უნდა, არ იყო გათვალისწინებული, რომ ასეთი მოვლენები განვითარდებოდა. მე შემიძლია გითხრათ, რომ 2008 წლის დასაწყისში, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე აგვისტოს ომი დაიწყებოდა, ეკონომიკა მცირდებოდა. ვინ იყო მაშინ პასუხისმგებელი, რატომ არ დასვით მაშინ ასეთი შეკითხვები საკუთარი ლიდერების მიმართ, ხომ შეიძლებოდა დაგესვათ და ყოფილიყავით ცოტა უფრო მეტად კრიტიკული?!

რაც შეეხება საინვესტიციო პროექტებს, მინდა გითხრათ, რომ უამრავი პროექტი კეთდება. რამდენიმე მათგანს დაგისახელებთ - ეს არის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. მე ახლა აღარ გავყვები იმ სპეკულაციას, ანაკლიის პორტი ასეთი და ისეთი იყო, მე ვიზუალურად დავასაბუთე ორი სხვადასხვა პროექტის განსხვავება, ეს სპეკულაცია აღარ უნდა გრძელდებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, მაინც გრძელდება. ანაკლიის პორტი არის სულ სხვა მასშტაბის, აბსოლუტურად სხვა ბრუნვაზე გათვლილი და სხვათა შორის, ჩვენს დროს მოეწერა ჩინეთთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი აბრეშუმის გზის პროექტის ქვეშ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბაკურიანსა და გუდაურში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მისივე თქმით, "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში 272 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ასევე 800-დან 900 მილიონამდე ლარი კი - სოფლის მეურნეობის მიმართულებით. "შეიძლება ეს პროექტები არ ბრწყინავს, შეიძლება იყოს მესაქონლეობის ფერმა, მაგრამ ეს გათვლილია ადამიანების ყოფის გაუმჯობესებაზე. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება გაუარესდა, დიახ, გაუარესდა და ძალიან ვწუხვართ ამაზე. მართლა გულწრფელად ძალიან ვწუხვართ, მაგრამ თქვენ დაუსვამთ იმავე შეკითხვას იმ სახელმწიფოების ხელმძღვანელებს, რომლებშიც ასევე 30%-ით გაუფასურდა ეროვნული ვალუტა?! შეგიძლიათ დასვათ იგივე შეკითხვა ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის მიმართ, ჩვენი მეგობარი თურქეთის ხელმძღვანელობის მიმართ, სადაც ვალუტა ზუსტად ისევე გაუფასურდა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ შეიძლება, ჩვენგან შეცდომები არის და არ არის ყველაფერი იდეალური, მაგრამ ასეთი დონის, ასე გამრავლება პრობლების, მე მგონია, რომ არაობიექტურია და ამითი ჩვენ საუკეთესო შედეგს ნამდვილად ვერ მივიღებთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.