იაპონის ცენტრალური ბანკი (BOJ) განაკვეთების ზრდას არ აპირებს და ნეგატიურ დონეზე ინარჩუნებს, რამაც ეროვნულ ვალუტაზე წნეხი გაზარდა და ინტერვენციის რისკები გააჩინა.
ამავდროულად, დოლარის ინდექსი ზედიზედ მეათე კვირის განმავლობაში გაიზარდა, ევროს კურსი საფრანგეთის არასახარბიელო ეკონომიკური მონაცემების ფონზე შემცირდა.
BOJ-მა საპროცენტო განაკვეთები -0.1 პროცენტზე შეინარჩუნა და ეკონომიკურ აქტივობას ანიჭებს უპირატესობას, სანამ ინფლაცია მიზნობრივ 2%-ს არ დაუახლოვდება. აგვისტოში ინფლაციამ იაპონიაში 3.1% შეადგინა და ზედიზედ 17 თვის განმავლობაში გადააჭარბა მიზნობრივ მაჩვენებელს.
გადაწყვეტილების შედეგად იენის კურსი დოლართან მიმართებით 148.4-ს გაუტოლდა და წლის დასაწყისიდან დღემდე 11%-ითაა გაუფასურებული.
იაპონიის ცენტრალური ბანკის მოშვებული მონეტარული პოლიტიკა კონტრასტშია აშშ-ს ფედერალური რეზერვისა და ევროპის ცენტრალური ბანკის განაკვეთების ზრდის აგრესიულ პოლიტიკასთან. ადგილობრივი ეკონომისტები იმედოვნებენ, რომ BOJ მალე მოძრაობის ტრაექტორიას შეცვლის, რადგან არჩეული პოლიტიკა იენის გაუფასურებასა და იმპორტის გაძვირებას იწვევს.