რუსეთმა საწვავის ექსპორტი, ცალკეული შემთხვევების გარდა, აკრძალა. აღნიშნული განკარგულება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გამოსცა, ამის მიზეზად კი, შიდა ბაზარზე საწვავის ფასების სტაბილიზაცია დაასახელა. თუმცა, აკრძალვა არ ვრცელდება საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვების ფარგლებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე, საზღვარგარეთ რუსეთის „სამხედრო ნაწილების საქმიანობისთვის საჭირო“ საწვავის ექსპორტზე, ყაზახეთის ქალაქ ბაიკონურში, არქიპელაგ შპიცბერგენში, აფხაზეთში, „სამხრეთ ოსეთში“ ექსპორტირებულ საქონელსა და კიდევ სხვა კატეგორიებზე.
რუსეთის შიდა ბაზარზე შექმნილი ვითარება თითქმის პირდაპირპროპორციულად აისახა საქართველოში საწვავის ფასზე. თუ მანამდე რუსეთი იაფი საწვავის მთავარ წყაროდ მოიაზრებოდა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, თითქმის ევროპულ ფასებს გაუტოლდა პროდუქტის საბითუმო ფასი.
რუსეთიდან საწვავის ექსპორტის აკრძალვის შემდეგ, საინტერესოა, საწვავის იმპორტიორები რომელ ქვეყნებს განიხილავენ ალტერნატივად.
როგორც „სენტა ოილის“ დამფუძნებელი, ზაალ იაკობიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ამ ეტაპზე ალტერნატიული ქვეყნებია თურქმენეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი. გარკვეული წინადადებები კი ბელარუსიდან არის.
„ალტერნატიული ქვეყნებია თურქმენეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი. არის კიდევ რაღაც წინადადებები ბელარუსიდან. ამ ეტაპზე ეს ქვეყნები შეიძლება მოვიაზროთ როგორც ალტერნატივა.
რაც შეეხება დეფიციტს, ამ პერიოდში არ მგონია, შეიქმნას. ზოგადად, საერთაშორისო ბაზარზე არ მგონია შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ იქიდან საწვავი ვერ შემოვიტანოთ, უბრალოდ, ალბათ, ფასი იქნება განსხვავებული. თუმცა, აქაც ბოლო პერიოდში ისე გაიზარდა საბითუმო ფასები, წესით დიდი მატება აღარ უნდა იყოს მოსალოდნელი. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თითქმის ევროპული ფასების დონეს მიაღწია“, - ამბობს ზაალ იაკობიძე.