"უახლოეს პერიოდში ახალი საპენსიო სქემის შესახებ გაჟღერდება”

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განმარტებით, წელს პენსია მხოლოდ 10 ლარით გაიზრდება და ეს პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება. ამასთან, როგორც ხადურმა "თავისუფალ დემოკრატებთან" შეხვედრისას განაცხადა, ინფლაცია არის დაბალი და ის სულ 2%-ს შეადგენს.

პენსიის საკითხით დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი დაინტერესდა. მან პარლამენტში მისულ მთავრობას სთხოვა განემარტა, ლარის დევალვაციის გამო, აპირებს თუ არა საარსებო მინიმუმის ზღვრული დონის გადახედვას და პენსიის ინდექსაციას. ცაგარეიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ 10 ლარი, რომლითაც პენსია უნდა გაიზარდოს, "ის ათი ლარი აღარ არის".

"დაგეგმილია პენსიების ეტაპობრივი ზრდა. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში გაჟღერდება ახალი საპენსიო, გრძელევადიანი სქემის შესახებ. წელს დაიწყება პენსიის ზრდის პროცესი და ის გაგრძელდება მომავალ წელსაც. კარგად მესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ წელს გაიზრდება და მომავალ წელსაც", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.