გიორგი კვირიკაშვილმა წყალტუბოს სპა კურორტის რეაბილიტაციისა და განვითარების პროექტზე ისაუბრა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წყალტუბოს სპა კურორტის რეაბილიტაციისა და განვითარების პროექტზე ისაუბრა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, წყალტუბოს სპა კურორტის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით, უკვე დასრულებულია ავსტრიული კომპანია "Kohl&Partners"-თან კურორტის ზონირება და კვლევა. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს საპარტნიორო ფონდთან ერთად ფრანგული კომპანია "ვიშის" მეშვეობით წყალტუბოს კურორტის, მისი წყლის საერთაშორისო სერტიფიცირება.

"ჩვენ ყველას მოგვეხსენება, რომ ესაა წლებით გამოცდილი, ძალიან მნიშვნელოვანი კურორტი, თუმცა დღემდე საერთაშორისო, დოკუმენტურად დადასტურებული კვლევები ამ მიმართულებით არ განხორციელებულა. სწორედ ამიტომ უმაღლესი რეპუტაციის მქონე კომპანია დღეს ახორციელებს კვლევას, რათა ეს დოკუმენტურად იქნას დადასტურებული. ეს რამდენჯერმე გაზრდის ამ პროექტის კაპიტალიზაციას. ამ კურორტზე იგეგმება რამდენიმე ძალიან მსხვილი ინვესტიცია, ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი, ჩვენ უკვე კონკრეტულ ინვესტორებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.