"საწვავის იმპორტიორი კომპანიებისგან "მეტი დასაბუთებაა" საჭირო"

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საწვავზე ფასის გაზრდას შესაბამისი კომპანიები ლარის კურსის გაუფასურების მიზეზით ხსნიან. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სხდომაზე განაცხადა, რითაც ფრაქციის წევრის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ღარიბაშვილის თქმით, საწვავის იმპორტიორი კომპანიებისგან "მეტი დასაბუთებაა" საჭირო, რასთან დაკავშირებული საკითხითაც მთავრობის უახლოეს სხდომაზევე დაინტერესდება. "კომპანიების განმარტებაა, რომ ისინი იძულებულები გახდნენ ბოლო პერიოდში საწვავის ფასი გაეზარდათ ლარის გაუფასურების გამო, თუმცა ეს თემა არ ამოწურულა. ჩვენ და საზოგადოებას გვჭირდება მეტი დასაბუთება საწვავის იმპორტიორი კომპანიებისგან, თუ რატომ ხდება საწვავის ფასის ზრდა. გეტყვით, რომ კონკურენციის სააგენტოს მხრიდან საკითხის საკმაოდ საფუძვლიანი შესწავლა მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ეს ერთ და ორ თვეში ვერ მოხერხდებოდა, ვინაიდან არ მინდა ანალიზი ზედაპირული იყოს. მინდა კომპანიებს კიდევ ერთხელ, საჯაროდ მოვუწოდო, უფრო მეტი სიცხადე შეიტანონ ამ საკითხში და უფრო ნათლად განმარტონ, რატომ ხდება საწვავზე ფასის ზრდა. პირობას გაძლევთ, მე ამ საკითხს მივუბრუნდები და პირველივე მთავრობის სხდომაზე მოვისმენ ანგარიშს კონკურენციის სააგენტოსგან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერს სხდომაზე შესაბამისი შეკითხვა ფრაქციის წარმომადგენელმა გია ცაგარეიშვილმა დაუსვა.