McDonald's ფრენჩაიზებს გადასახადს უძვირებს

სწრაფი კვების რესტორნების მსოფლიოს უდიდესმა ამერიკულმა ქსელმა, McDonald's Corp-მა აშშ-სა და კანადაში ფრენჩაიზის მფლობელებისთვის ტარიფების ზრდა დააანონსა, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად ხდება. ინფორმაციას გამოცემა, Barron's ავრცელებს.

საკომისიო ცალკეულ შემთხვევებში 4%-დან 5%-მდე გაიზრდება, რაც ახალი რესტორნების გახსნას ან კომპანიისგან რესტორნების შეძენას მოიცავს. თუმცა არსებული ფრენჩაიზების მფლობელებს ზრდა არ შეეხებათ.

McDonald's-ის რესტორნების, დაახლოებით, 95% ფრენჩაიზის ხელშეკრულებებით მუშაობს, რაც კომპანიის შემოსავლის ყველაზე დიდი წყაროა. კერძოდ, ბოლო კვარტალში ფრენჩაიზებისგან მიღებულმა გადასახადების ოდენობამ კომპანიის შემოსავლის, დაახლოებით, 60% შეადგინა.

პარასკევის ვაჭრობაზე McDonald's-ის აქციებმა 0,8%-ით მოიმატა. წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია 3,6%-ით გაიზარდა და 197,66 მლრდ დოლარი შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ