რუსეთიდან მიწოდებულ ელექტროენერგიაზე საექსპორტო გადასახადების შემოღება კომპანია Inter RAO-ზე პირდაპირ გავლენას მოახდენს. მითუმეტეს, საქართველო, ისევე, როგორც თურქეთი კომპანიის ერთ-ერთი საექსპორტო მიმართლებაა. განცხადებას კომპანიის წარმომადგენელი, ალექსანდრა პანინა ავრცელებს.
21 სექტემბერს ფედეერაციის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, 1 ოქტომბრიდან 2024 წლის ბოლომდე საქონლის ფართო სპექტრზე 4-7%-იანი საექსპორტო გადასახადი ერთი დოლარის 80 რუბლზე და მეტი გაცვლითი კურსით ამოქმედდება, ანუ ბაჟის განაკვეთი რუბლის დაცემასთან ერთად გაიზრდება. გამონაკლის საქონელს შორის არის ნავთობი, გაზი, მარცვლეული და ხე-ტყე.
„რაკი ელექტროენერგიის ინდუსტრია გამონაკლის სექტორებში არ შედის, საექსპორტო გადასახადმა შესაძლოა, მასზე გავლენა იქონიოს... წელს, აპრილ-მაის-ივნისში მიწოდება თურქეთში შევასრულეთ. საქართველოსა და თურქეთში მიწოდება იქნება, თუმცა ამჟამად არ გვაქვს… ასევე, პარალელური მუშაობის ფარგლებში, მიმდინარეობს მიწოდება აზერბაიჯანში, ხოლო, დაახლოებით, 20 მეგავატი „სამხრეთ ოსეთს“ მიეწოდება,” - აცხადებს პანინა.
მისი მონაცემებით, მთლიანობაში, სამხრეთ მიმართულებით საექსპორტო პოტენციალი 1 გიგავატად არის შეფასებული.
პანინა ამბობს, რომ „ახალი საექსპორტო გადასახადის გათვალისწინებით კომპანია შედეგებს გადაიანგარიშებს და შეაფასებს,“ ხოლო Inter RAO-სთვის ერთადერთ დადებით მხარედ იმას ასახელებს, რომ ახალი ვალდებულებები ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე არ ვრცელდება.
დივერსიფიცირებული ჰოლდინგი, Inter RAO რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის ერთადერთი ოპერატორია.
2023 წლის ბოლოსთვის რუსეთიდან ელექტროენერგიის ექსპორტის მთლიანი მოცულობა, საექსპორტო გადასახადების შემოღებამდე, 10,5 მილიარდ კვტ/სთ-ად იყო შეფასებული, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია. რუსული ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობით წელს პირველ ადგილს ყაზახეთი, მეორეს კი ჩინეთი დაიკავებს.
2022 წლის ბოლოსთვის Inter RAO-ს მთავარი აქციონერი „როსნეფტეგაზი“ (26,37%) იყო, ხოლო Inter RAO Capital-ის წილი 29,56%-ს შეადგენდა. ასევე, 2021 წლის ბოლოსთვის 8,57%-იანი წილი ფედერალურ ქსელურ კომპანია „როსსეტის“ ეკუთვნოდა, ხოლო 34,24%-იანი წილი თავისუფალ მიმოქცევაში იყო. ამ აქციების შესახებ უახლესი მონაცემები გასაჯაროვებული არ არის.
რაც შეეხება საქართველოში “თელასს”, კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტს (75.108%) ფლობს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V, რომლის დამფუძნებელიც რუსული ენერგოგიგანტი “ინტერ რაოა”. 24.529%-ს ფლობს შპს „ბეტს ენერჯი გრუპი“, 0.363%-ს კი დანარჩენი აქციონერები.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ