განვითრებადი ბაზრების კაპიტალის წმინდა გადინება გაიზარდა

განვითარებადი ბაზრების კაპიტალის წმინდა გადინებამ იმაზე მეტი შეადგინა, ვიდრე 2008-09 წლების ფინანსური კრიზისის პერიოდში

უკანასკნელი სამი კვარტლის განმავლობაში (2014 წლის ივლისი-2015 წლის მარტი) განვითარებადი ბაზრების კაპიტალის წმინდა გადინებამ იმაზე მეტი შეადგინა, ვიდრე 2008-09 წლების ფინანსური კრიზისის პერიოდში.

NN Investment Partners-ის ანგარიშის თანახმად, 15 უმსხვილესი განვითარებადი ბაზრის კაპიტალის წმინდა გადინებამ სამი კვარტლის მონაცემებით, 600,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

Financial Times-ის ინფორმაციით, 2009 წლის მარტის ბოლოსთვის, როცა მსოფლიოში ფინანსური კრიზისი იყო, უმსხვილესი განვითარებადი ბაზრის კაპიტალის წმინდა გადინება სამი კვარტლის მონაცემით 545,2 მილიარდი დოლარი იყო.

რაც შეეხება შემოდინებას, 2009 წლის ივლისიდან 2014 წლის 20 ივნისის ჩათვლით, კაპიტალის  შემოდინებამ 2,2 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში განვითარებადი ბაზრებიდან კაპიტალის გადინებას ექსპერტები ამ ქვეყნების ეროვნული ვალუტების დოლართან მიმართებაში დასუსტებასა და განვითარებულ ქვეყნებში საფონდო ბაზრის ზრდას უკავშირებენ.

NN Investment Partners კაპიტალის წმინდა გადინებას მეორე კვარტალშიც ელოდება, თუმცა შენელებული ტემპით. ბოლო წლების პიკი 2014 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში დაფიქსირდა - 255,3 მილიარდი დოლარი.