სებ-მა „ჯორჯიან ფაინანშიალ კრედიტ ჯი ეფ სი“  5 000 ლარით დააჯარიმა - ვის ეკუთვნის სესხის გამცემი სუბიექტი

ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების პრევენციის ფარგლებში 24 სექტემბერს სესხის გამცემი სუბიექტი „ჯორჯიან ფაინანშიალ კრედიტ ჯი ეფ სი“ დააჯარიმა.

„სესხის გამცემ სუბიექტს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით 2023 წლის 5 ივნისს. სესხის გამცემი სუბიექტი საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2019 წლის 05 ივლისს. „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სესხის გამცემ სუბიექტს, რომელსაც საქმიანობა დაწყებული ჰქონდა აღნიშნული ბრძანების ამოქმედებამდე, ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უნდა წარედგინა აღრიცხვის შევსებული ფორმა სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის.

ამავე ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, ბრძანება ამოქმედდა 2020 წლის 20 ოქტომბრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ სესხის გამცემ სუბიექტს საქმიანობა დაწყებული ჰქონდა ზემოხსენებული ბრძანების ამოქმედებამდე, ამდენად, მას ევალებოდა, რომ არაუგვიანეს 2020 წლის 20 ნოემბრისა, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარედგინა აღრიცხვის შევსებული ფორმა, რაც არ განუხორციელებია. აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით", - წერია მარეგულირებლის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის ეკუთვნის კომპანია.

რეესტრის მიხედვით, 2012 წელს რეგისტრირებული „ჯორჯიან ფაინანშიალ კრედიტ ჯი ეფ სი“-ის წილის 44%-ს იოსი რაიკი ფლობს, რომელიც ისრაელის მოქალაქეა. ასევე, ისრაელის მოქალაქეები, გაი იაკოვ ცადიკი და იუვალ მენახემი ბენერაფი ფლობენ 22-22%-ს. დარჩენილი 12% კი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება BZR Investments-ს ეკუთვნის, რომელიც კვიპროსზეა რეგისტრირებული.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები;

აღსანიშნავია, რომ ეს სესხის გამცემი სუბიექტისთვის, მარეგულირებელი ჩარჩოს დარღვევის პირველი შემთხვევაა.

თამარ მუკბანიანი