გამონაკლისი გაუქმდა - რუსეთი ნავთობპროდუქტებს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთშიც“ აღარ შეიტანს

რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა გააუქმა გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც, ნავთობპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა ფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ არ ეხებოდა. შესაბამის კორექტირებულ განკარგულებას პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინმა 23 სექტემბერს მოაწერა ხელი, რასაც TASS ავრცელებს.

მანამდე, 21 სექტემბერს მიშუსტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის დროებითი აკრძალავა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართლებას არ ეხებოდა. საექსპორტო შეზღუდვები, ასევე, არ ვრცელდებოდა სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მიწოდებებზე, საერთაშორისო სატრანზიტო გადაზივების ფარგლებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე, საზღვარგარეთ რუსეთის „სამხედრო ნაწილების საქმიანობისთვის საჭირო“ საწვავის ექსპორტზე, ყაზახეთის ქალაქ ბაიკონურში, არქიპელაგ შპიცბერგენში ექსპორტირებულ საქონელსა და კიდევ სხვა კატეგორიებზე.

ამჯერად რუსეთის მთავრობამ ნავთობპროდუქტების ექსპორტის აკრძალვაში სხვა კორექტივებიც შეიტანა. კერძოდ, 21 სექტემბრამდე რუსეთის რკინიგზისა და „ტრანსნეფტის“ მიერ მიღებული ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება დაუშვა. ასევე, აკრძალვა საზღვაო საწვავის, გაზოილისა და შუა დისტილატების ექსპოტს აღარ შეეხება.

ცნობისთვის: აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრო საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებას „რთულს“ უწოდებს. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გაზაფხულის დადგომიდან აფხაზეთში ბენზინი 20 რუბლზე (0,20 დოლარზე) მეტად გაძვირდა, რის შედეგადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება გაიზარდა.

დე ფაქტო სამინისტროს შეფასებით, საწვავის ღირებულებაზე გავლენა იქონია როგორც რუსეთში, ასევე, ექსპორტზე ნავთობპროდუქტების გასაყიდი საფონდო ინდექსების ზრდამ.

აფხაზეთში ნავთობპროდუქტები მხოლოდ რუსეთიდან შედის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ