Euobserver-ი რიგის სამიტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს

ევროკავშირი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან კავშირებს აღრმავებს, - ამ სათაურით აქვეყნებს ენდრიუ რეტმანის სტატიას გამოცემა Euobserver-ი, რომელშიც საუბარია მომავალ რიგის სამიტზე.

როგორც გამოცემა წერს, რიგის სამიტის დეკლარაციის პროექტი მათაც ჩაუვარდათ ხელში, სადაც აღნიშნულია, რომ დოკუმენტი უკრაინასა და საქართველოს უვიზო რეჟიმის გაფორმებას არ სთავაზობს, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. "დოკუმენტი ამბობს, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებები არის მდგრადი განვითარების მიღწევის და ამ ქვეყნების ეკონომიკისა და საზოგადოების მოდერნიზაციის საშუალება", - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნები გეგმავენ, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2016 წლის პირველი იანვრიდან აამოქმედონ. "ამ პაქტის განხორციელება და მსგავსი შეთანხმებები საქართველოსა და მოლდოვასთან იქნება ევროკავშირისა და მისი პარტნიორების მთავარი პრიორიტეტი მომდევნო წლების განმავლობაში", - წერია სტატიაში.

გამოცემის მიხედვით, დეკლარაციის პროექტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს "პრაქტიკულ პროექტებს", რომლებიც პარტნიორობის შედეგად მონაწილე ქვეყნების მოქალაქეებს ხელშესახებ სარგებელს მოუტანს. ამასთან დეკლარაციის პროექტში ნათქვამია, რომ ყოფილი საბჭოთა ექვსი ქვეყანა ევროკავშირთან სხვა სფეროებშიც აღრმავებს კავშირებს. მათ შორისაა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მონაწილეობა ევროკავშირის სამხედრო მისიებში. რიგის სამიტის დეკლარაციას საბოლოო სახე ჯერ არ აქვს, თუმცა, Euobserver-ის ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მთავარი პუნქტები შეიცვალოს. "თუმცა, ევროკავშირის ერთ-ერთი წყარო ამბობს: ეს არის დეკლარაციის პირველი ვერსია, რომელიც აპრილის შუა რიცხვებში შემუშავდა, მას შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებსა და პარტნიორებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ გვეცოდინება რა არის ერთობლივი განცხადების ნამდვილი საფუძველი", - აღნიშნულია Euobserver-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.