გეოგრაფიული აღნიშვნა „წინანდალი“ „საქპატენტში“ 2005 წლის 30 აგვისტოს არის რეგისტრირებული.
„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
ინფორმაციას „წინანდლის“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს. ღვინო „წინანდალი“, რეგისტრირებული სპეციფიკაციის მიხედვით, შეიძლება იყოს მხოლოდ თეთრი მშრალი და წითელი მშრალი.
„წინანდალი“ თეთრი მზადდება მხოლოდ რქაწითლისა და მწვანე კახურის ვაზის ჯიშებისგან, ხოლო „წინანდალი“ წითელი – მხოლოდ საფერავის ჯიშის ყურძნიდან. ღვინის ორივე სახეობა მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისგან, რომლის შაქრიანობა კრეფის დროს უნდა იყოს არანაკლებ 19%.
ღვინის „წინანდალი“ წარმოებისთვის განკუთვნილი ყურძენი მოწეული უნდა იყოს მხოლოდ წინანდლის მიკროზონაში გაშენებული ვენახებიდან, რომლის არეალი მოიცავს სოფლებს: აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კისისხევი, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური, კურდღელაური, ვარდისუბანი, რუისპირი, ყარაჯალა, გულგულა და იყალთო.