გერმანია მომავალ წელს ფედერალურ მიწებს ლტოლვილების მიღებისა და ინტეგრაციის ხარჯებს, ბიუჯეტის გამკაცრების ფარგლებში, გაუნახევრებს. ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს წყაროს ცნობით, მრავალწლიანი გულუხვი დახმარების შემდეგ ხარჯების განახევრების გადაწყვეტილება მზარდი ინფლაციის ფონზე იქნა მიღებული.
Reuters წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანიას მილიონზე მეტმა ადამიანმა შეაფარა თავი, მათთვის ფინანსურმა მხარდაჭერამ კი ქვეყნის ქალაქები და მუნიციპალიტეტები დააზარალა. ამდენად, ქვეყნის 16 ფედერალური მიწა ლტოლვილებისთვის მომავალი წლის ხარჯების დასაფარად დამატებით სახსრებს ითხოვს.
მთავრობის ორი ანონიმური წყაროს განცხადებით, გუშინ ბერლინმა ფედერალურ მიწებს აცნობა, რომ 2024 წელს, ლტოლვილების ხარჯების მხარდასაჭერად, მაქსიმუმ, 1,7 მლრდ ევროს (1,80 მლრდ დოლარს) გამოყოფს, მაშინ, როცა წლევანდელი დახმარება 3,75 მლრდ ევროს შეადგენს.
ამასთან, მთავრობა არც დაპირებას იძლევა, რომ მომდევნო წლებში 2023 წლის მსგავს დაფინანსებას გამოყოფს. წყარომ დასძინა, რომ მთავრობა, ასევე, აღარ შეიტანს წვლილს უკრაინელი ლტოლვილების მოვლისა და ინტეგრაციის ხარჯებში.
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ცენტრალურ და ფედერალური მიწების მთავრობებს შორის გუშინ გამართულმა შეხვედრამ შედეგი არ გამოიღო და კონსულტაციები ნოემბერში ამჯერად კანცლერთან გაიმართება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ