კახა კალაძე - ეროვნულ ბანკში ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებებია, ნორმალური პროცესია

ეროვნულ ბანკში ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებებია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, აღნიშნულით ის გამოეხმაურა ეროვნულ ბანკში უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გიორგი ფერაძის, ხოლო უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტზე მალხაზ ღუღუნიშვილის დანიშვნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას და განაცხადა, რომ „საკადრო ცვლილებები ნორმალური პროცესია და ყველგან ხდება“

„მგონი, ხედავთ, დღევანდელ რეალობას და მოცემულობას. დღეს არ გვაქვს ის ვითარება, რაც 2012 წლამდე იყო. განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იდევნებოდნენ, ვერცერთ სამსახურში ვერ დაიწყებდნენ მუშაობას, თუ შენ სხვა პოლიტიკური შეხედულება გქონდა, მუშაობა კი არა, ოჯახებს უნადგურებდნენ. არ მინდა დავუბრუნდე იმ ავადსახსენებელ პერიოდს, რაც მაშინ იყო. დღეს განსხვავებული რეალობა გვაქვს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოთქვას დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხზე, თუნდაც უკმაყოფილება, ეს უნდა იყოს ჩარჩოებში. ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებებია. თუ მეუბნებით, რომ საკადრო ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს, ვერ დაგეთანხმებით. ნორმალური პროცესია, ყველგან ხდება“, - აღნიშნა კალაძემ.