ყაზახეთის მთავრობამ აქტაუს საზღვაო სავაჭრო პორტს საერთაშორისო მნიშვნელობის საზღვაო პორტის სტატუსი მაინიჭა. შესაბამისი დადგენილება 21 სექტმებრიდან შევიდა ძალაში. ინფორმაციას Zakon.kz ავრცელებს.
ტრანსპორტის, ეროვნული ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს დაევალათ, ამ დადგენილებიდან გამომდინარე აუცილებელი ზომები მიიღონ.
დოკუმენტი ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ თოყაევის 2022 წლის 5 ივლისის მითითების საფუძველზე იქნა მიღებული, რომელიც ახალ გეოპოლიტიკურ პირობებში ქვეყნის სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას შეეხება. კერძოდ, პრეზიდენტმა გასცა ბრძანება საზღვაო პორტების გარდაქმნის შესახებ, რომ ისინი კასპიის ზღვის ერთ-ერთ წამყვან ჰაბად გადაიქცნენ.
აქტაუს საზღვაო სავაჭრო პორტს საერთაშორისო სტატუსი ადრეც ჰქონდა მინიჭებული, თუმცა 2018 წლის სექტემბერში მთავრობის დადგენილებით ჩამოერთვა. მთავრობამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ეს პორტის პრივატიზაციაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნაში დაეხმარებოდა.
ცნობისთვის: აქტაუს პორტიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენისთვის თენგიზის საბადოს ნავთობის მიწოდება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. ყაზახეთის მაგისტრალური ნავთობსადენების ეროვნული ოპერატორის, „ყაზტრანსოილის“ ცნობით, 8 თვის განმავლობაში აქტაუს პორტიდან ყაზახური ნავთობის ექსპორტის მოცულობამ 2,164 მლნ ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 759 ათასი ტონით, ანუ 54%-ით მეტია.
ამასთან, გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთი ბთჯ-ის მარშრუტისთვის წლის ბოლომდე 3 დიდტონაჟიან ტანკერს შეიძენს. ეს ყაზახეთის ეროვნულ საზღვაო გადამზიდავ „ყაზმორტრანსფლოტისა“ და არაბული Abu Dhabi Ports-ის ერთობლივი საწარმოს ფარგლებში მოხდება. აპრილში გაზეთი, „კომერსანტი” წერდა, რომ „ყაზმორტრანსფლოტი“ რუსეთის გვერდის ავლით და აზერბაიჯანიდან ბთჯ-ის მილსადენით ნავთობის ექსპორტისთვის კასპიის ფლოტის, თითქმის, გაორმაგებას გეგმავს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ