Lego-მ შეაჩერა პროექტი, რომლის მიხედვითაც, კომპანია ნავთობპლასტმასის ნაცვლად, რეციკლირებული (გადამუშავებული) პლასტმასის ბოთლებზე დაფუძნებულ ეკოლოგიურად სუფთა აგურის კუბების წარმოებაზე უნდა გადასულიყო. ინფორმაციას Financial Times (FT) კომპანია Lego Group-ის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი თქმით, რეციკლირებული პლასტმასისგან დამზადებული კუბების შემუშავების პროცესში აღმოჩნდა, რომ ასეთი მასალისგან დამზადებული ნაწილები ნაკლებად გამძლეა, ამიტომ მათ შემადგენლობაში მკვრივი მასალების შეტანა გახდა აუცილებელი, რის დამუშავებასაც დამატებითი რესურსები და ენერგია დასჭირდა. ამდენად, კომპანიის შეფასებით, ასეთი წარმოება პროდუქტის დამზადებისას ნახშირბადის უფრო მაღალ გამონაბოლქვს გამოიწვევს.
„ეს ფოლადის ნაცვლად ველოსიპედის ხისგან დამზადებას ჰგავს,“ - აცხადებს კომპანიის მდგრადი განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ტიმ ბრუქსი.
მისი თქმით, გადამუშავებული პლასტმასის გამოყენების გასაზრდელად კომპანიას მოუწია, თავის ქარხნებში ყველაფერი შეეცვალა, რის შემდეგაც ქარხნების ნახშირბადის კვალი მხოლოდ გაიზარდა.
„ეს იმედგაცრუებაა,” - დასძენს ბრუქსი.
Financial Times-ის შეფასებით, გადამუშავებული პლასტმასისგან აგურის კუბების დამზადება კომპანიის ყველაზე ამბიციური პროექტი იყო ეკოლოგიურად სუფთა წარმოებასა და პროდუქციაზე გადასვლის მცდელობაში. ეს ინიციატივა Lego Group-მა 2021 წლის ივნისში დააანონსა, ხოლო პროექტზე 150-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა.
Lego-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნილს კრისტიანსენმა FT-ს განუცხადა, რომ მწარმოებლებმა „ასობით მასალა გამოსცადეს,“ მაგრამ მდგრადობის პრობლემის მოსაგვარებლად „ჯადოსნურ ნივთიერებას“ ვერ მიაგნეს.
Lego Group-ის ამოცანა იყო, რომ 2030 წლიდან აგურის კუბები მთლიანად რეციკლირებული პლასტმასისგან დაემზადებინა. ამჟამად კუბების 80% ნაკლებად უსაფრთხო აკრილონიტრილის სტირენ-ბუტადიენზე დაფუძნებულ ABS-პლასტმასისგან მზადდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ