ის მოცემულობა, რომ ადამიანების ძალიან მცირე ნაწილს „მეტადონის“ პროგრამიდან ნარკოტიკული ნივთიერება მაინც გამოაქვს და სხვებს უზიარებს, რეალურად აჩვენებს, რომ თვითონ პროგრამაშიც არ არის რაღაც კარგად, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე აცხადებს.
როგორც იმნაძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა მოქალაქეებისთვის აბსოლუტურად უფასოა, ის ხელმისაწვდომი არ არის. მისივე თქმით, ადამიანებს უფასო პროგრამაში ჩართვის ნაცვლად, ურჩევნიათ, საკუთარი ჯანმრთელობა და თავისუფლებაც გარისკონ.
„ნარკოპოლიტიკას ორი ტიპის ასპექტი აქვს, ერთია, ნარკოტიკზე მოთხოვნის შემცირება, აქ შემოდის მომხმარებელი, რომელიც მოთხოვნის მთავარი სუბიექტია. მეორე არის, მიწოდების შემცირება, რაც გავრცელებას, წარმოებას, უფრო მეტად ორგანიზებულ დანაშაულს უკავშირდება. მოთხოვნის შემცირების კუთხით, სახელმწიფოს მთავარი ბერკეტი დასჯაა, თუკი, მოქალაქეებს მესიჯს გავუგზავნით, რომ ნარკოტიკის მოხმარება, ფლობა, სამაგალითოდ, მკაცრი სასჯელებით ისჯება, ეს უნდა იყოს მათთვის მესიჯი და ამის გამო მათ ეს ქმედება აღარ უნდა ჩაიდინონ. ეს აბსოლუტურად მოძველებული პარადიგმაა, რომელიც დიდი ხანია უკვე განვითარებულ სამყაროში გადაიხედა და ეს პრინციპი უარყოფილია, თუმცა, ჩვენთან კვლავაც ეს არის მოქმედი პრინციპი. ნაცვლად ამისა, საჭიროა, მოთხოვნაზე შემცირება სახელმწიფომ უზრუნველყოს იმით, რომ ქვეყანაში პრევენციული სისტემა არსებობდეს, მოქალაქეებმა იცოდნენ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების თაობაზე, როგორ აარიდონ თავი ნარკოტიკის მოხმარებას, როგორ შემცირდეს ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული ზიანი, როგორ ჩართოს მოქალაქეები სახელმწიფომ ლეგალურ სერვისებში. მიუხედავად იმისა, რომ „მეტადონის“ პროგრამა უფასოა, იმდენი ბარიერია, ძალიან ბევრი ადამიანი მასში არ ერთვება, ეს უკვე პრობლემაა, რადგან ეს ადამიანები უკვე არალეგალურ, „შავ მარკეტში“ იღებენ მონაწილეობას და იქ ქმნიან ნარკოტიკზე მოთხოვნას.
ძირითადი ხარვეზები, ადმინისტრირებასთანაა დაკავშირებული. ბენეფიციარების გარკვეული შეფასება უნდა არსებობდეს, თუკი, ბენეფიციარი წლებია, აღნიშნული პროგრამით სარგებლობს, მისი მხრიდან შიდა ნორმატიული წესების, მოთხოვნების დარღვევა არ ფიქსირდება, თუ ის სამედიცინო სფეროს ექიმების მიერ გაწერილ რეჟიმს და წესებს მიჰყვება, ასეთ ადამიანებს ეს პროგრამა უნდა ენდობოდეს და თუნდაც, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ მათი მოსახმარი რამდენიმე დღის საჭირო დოზა გაიტანონ. ეს მნიშვნელოვანი, წამახალისებელი ფაქტორი იქნება, რომ ამ პროგრამით სარგებლობა გააგრძელონ, ან სხვებმაც გადაწყვიტონ ამ პროგრამით სარგებლობა. რაღაც დოზით შეიძლება ამან რისკი გაზარდოს, მაგრამ ეს საწყის ეტაპზე იქნება. თუკი, ეს პროგრამა იმდენად ხელმისაწვდომი გახდება ადამიანისთვის, რომელსაც ამის საჭიროება აქვს, მას აღარ დაჭირდება შავ ბაზარზე ნარკოტიკის შეძენა, ის პროგრამაში ჩაერთვება, რაც არალეგალური ბაზრის მოცულობას შეამცირებს და უკანონო ბაზრიდან პირიქით, ნარკოტიკის მომხმარებელ ადამიანს ლეგალურ სერვისში გადმოიყვანს. შესაბამისად, ნარკოტიკის დილერებს და გამსაღებლებსაც ნაკლები შესაძლებლობა ექნებათ ნარკოტიკული საშუალებებით ივაჭრონ. არის რისკი, რომ ადამიანმა მისთვის სამყოფი დოზის რაღაც ნაწილი, ან სრული მოცულობა სხვებს გაუზიაროს, ან გაყიდოს, თუმცა, ამ რისკის გამო დიდ პოტენციურ ბენეფიტზე უარი არ უნდა ვთქვათ. პოზიტიური შედეგები ბევრად დიდია, ვიდრე ამ რისკით დამდგარი საფრთხე, თუ ზიანი. სამედიცინო დარგის ძალიან ბევრი სპეციალისტისგან მომისმენია მოსაზრება, რომ თუნდაც, ადამიანმა ასეთი ნივთიერება გაიტანოს გარეთ და ვიღაცას მიჰყიდოს, ბევრად ნაკლებად საზიანოა, რადგან სამედიცინო თვალსაზრისით დამუშავებულია და სხვა ნარკოტიკებთან შედარებით, უსაფრთხოა, რაც ბაზარზეა გავრცელებული. ეს რისკი არსებობს, მაგრამ ამას სჭირდება გამკლავება, პოტენციური, პოზიტიური შედეგი კი ბევრად დიდია.
ის მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს, რომ ადამიანების ძალიან მცირე ნაწილს ამ პროგრამიდან ეს ნივთიერება მაინც გამოაქვს და სხვებს უზიარებს, რეალურად აჩვენებს, რომ თვითონ პროგრამაშიც არ არის რაღაც კარგად. არალოგიკურია, პროგრამა, რომელიც აბსოლუტურად უფასოა მოქალაქეებისთვის, მაგრამ იმდენად ხელმისაწვდომი არ არის ადამიანებისთვის, რომ მოქალაქეებს ურჩევნიათ, ნაცვლად ამ უფასო პროგრამაში ჩართვისა, გარისკონ საკუთარი ჯანმრთელობაც, ფინანსური მდგრადობაც და მათ შორის, გარისკონ საკუთარი თავისუფლებაც. ისინი დიდ რისკზე მიდიან და ამ პროგრამიდან გამოტანილ ნივთიერებას არალეგალურად იძენენ. ამ პროგრამაში ჩართულ ადამიანებს იქ აკვირდებიან, რომ ეს ნივთიერება გადაყლაპონ, მაგრამ შეიძლება ეს რისკები ბოლომდე არ იყოს დაზღვეული და მაინც მოახერხოს ბენეფიციარმა პირის ღრუთი ნივთიერების გატანა. ამ რისკებს სახელმწიფო ბოლომდე ვერ დააზღვევს. იყო შემთხვევა, როცა პროგრამის ერთ-ერთი თანამშრომელი იმის გამო დააკავეს, რომ ნარკოტიკული საშუალება გაჰქონდა, ასეთ შემთხვევებს, როგორც აღვნიშნე, სახელმწიფო თავიდან ვერ აიცილებს, მთავარია, ეს ერთეული შემთხვევა იყოს და არ იყოს სისტემური პრობლემა“, - განაცხადა იმნაძემ.