იპოთეკით დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას აპირებენ

იპოთეკური ხელშეკრულებით დაზარალებულები და ე. წ. ატსტუპნიკები, ორშაბათს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივრის შეტანას აპირებენ.

როგორც იუსტიციის სახლთან დღეს გამართული აქციის დროს იპოთეკური ხელშეკრულებით დაზარალებულებმა და ე.წ. ატსტუპნიკებმა განაცხადეს, ისინი ყოფილ პრემიერს თაღლითობასა და გაცემული დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. გარდა ამისა, იპოთეკური ხელშეკრულებით დაზარალებულები თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრად წარდგენასაც აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, არ დაამტკიცონ წულუკიანის კანდიდატურა იუსტიციის მინისტრად.

აქციის მონაწილეთა თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მათ არაერთხელ მოითხოვეს იუსტიციის მინისტრისგან საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში შუამდგომლობა აღნიშნული კატეგორიის პირების გამოსახლების შეჩერების თაობაზე, თუმცა მათი თქმით, წულუკიანი იპოთეკური ხელშეკრულებების დაზარალებულებისა და ე.წ ატსტუპნიკების პრობლემებით არ დაინტერესებულა.

აქციის მონაწილეთა თქმით, აუცილებელია, დაუყოვნებლივ შეჩერდეს გამოსახლება და პროცესებს მიეცეს სამართლებრივი მოგვარების სახე. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაციის თავმჯდომარემ მამისა ჯაფარაშვილმა განაცხადა, დღეს სახალხო დამცველსაც შეხვდნენ, თუმცა რეალური დახმარების დაპირება ვერ მოისმინეს.