EBRD - კავკასიის რეგიონის ეკონომიკა უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულ უკიდურეს შოკთან ადაპტირდება

აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1.9%-იან დონეზე, 2024 წელს კი 3.1%-მდე ზრდა არის მოსალოდნელი. ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (European Bank for Reconstruction and Development-EBRD) რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების (Regional Economic Prospects) უახლეს ანგარიშში წერია.

EBRD წერს, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის ეკონომიკა უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულ უკიდურეს შოკთან ადაპტირდება. რაც შეეხება თავად უკრაინას, EBRD მიმდინარე წელს ქვეყნის მშპ-ის 1%-იანი ზრდას პროგნოზირებს, რაც წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის მკვეთრ შემცირებას ასახავს. ამას 2024 წელს, სავარაუდოდ, 3%-იანი ზრდა მოჰყვება.

მეზობელ თურქეთში წელს მშპ-ის 3,5%-იანი, 2024 წელს კი 3%-იანი ზრდა არის პროგნოზირებული. წინა, ანუ მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშთან შედარებით, EBRD-მა ამჟამად თურქეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1%-ით გააუმჯობესა, რაც წინასაარჩევნო ფისკალურ სტიმულს ასახავს. თუმცა მოსალოდნელია, რომ ზრდა წლის მეორე ნახევარში შენელდება.

რეგიონის სხვა ქვეყნებიდან EBRD წელს აზერბაიჯანში 1.5%-იან, სომხეთში - 6.5%-იან, რუსეთში - 1.5%-იან, ყაზახეთში კი 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

ამასთან, ბანკის პროგნოზით, ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონის ნაწილში უფრო ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები არის მოსალოდნელი, რასაც ვაჭრობის მყარი ზრდა და რუსეთიდან ფულადი გზავნილების მაღალი დონე იწვევს.

ზოგადად, EBRD-ის რეგიონებში ეკონომიკური ზრდა 2022 წლის 3.3%-იდან წელს 2.4%-მდე შენელდება. თუმცა 2024 წელს, ინფლაციის შემცირების ფონზე, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა 3.2%-მდე გაიზრდება. ამ მაჩვენებლებით EBRD-ის მაისის პროგნოზი 0,2 პროცენტული პუნქტით იზრდება, ხოლო მომდევნო წლის პროგნოზი 0,2%-ით მცირდება.

EBRD ასახელებს მთელ რიგ ტენდენციებს, რომლებიც უახლეს ეკონომიკურ პროგნოზზე გავლენას ახდენს. მაგალითად, 2022-23 წლების ზამთარში ევროპის განვითარებად ქვეყნებში გაზის მოხმარება 20%-ზე მეტად შემცირდა, რადგან რუსეთიდან გაზის შემცირებულმა მიწოდებამ ენერგომატარებლებზე გაცილებით მაღალი ფასები გამოიწვია. მართალია, ნავთობისა და გაზის ფასები უკრაინის ომამდელ მაჩვენებელზე დაბალია, მაგრამ მათი ამჟამინდელი ღირებულება რეგიონის ეკონომიკურ ზრდაზე კვლავ ზემოქმედებს.

ამასთან, ევროპული ინდუსტრია გაზის ინტენსიურ სექტორებს შორდება, როგორიც არის სამშენებლო მასალების, ქიმიკატების, ძირითადი ლითონისა და ქაღალდის წარმოება და ნაკლებად ნახშირბადოვან სექტორებზე გადადის, როგორიც არის ელექტრომოწყობილობების, ავტომობილების წარმოება და ფარმაცია.

მთლიანობაში, ევროპაში საერთო სამრეწველო პროდუქცია მოსალოდნელზე დაბალია, რაც ეკონომიკურ ზრდის შენელებას ხელს უწყობს. ამის მიუხედავად, შრომის ბაზარი კვლავ მდგრადია და, წარმოების სტრუქტურაში დიდი ცვლილებების მიუხედავად, კომპანიები სამუშაო ადგილებს ინარჩუნებენ. ამასთან, მაღალი ინფლაციის ფონზე, ბევრ ეკონომიკაში ნომინალური ხელფასი სწრაფად გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ