„ვერცერთი ბანკი საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში სანქცირებულ ტრანზაქციას ვერ განახორციელებს“

„ვერცერთი ბანკი საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში სანქცირებულ ტრანზაქციას ვერ განახორციელებს,“- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ამ ქვეყნის ეკონომიკის და ფინანსებზე წვდომის დიდი ნაწილი არის ევროპული და ამერიკული კაპიტალი. ვერცერთი ბანკი, ვისაც უნდა, რომ ლიცენზია ჰქონდეს და ტრანზაქციები ახორციელოს, საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში სანქცირებულ ტრანზაქციას ვერ განახორციელებს. ფიზიკურად ეს შეუძლებელია, იმიტომ, რომ რომც განახორციელოს მოკორესპოდენტო ბანკი ანუ მეორე მხარეს ბანკი ამას გააჩერებს და ფინანსურ ინსტიტუტებს მყისიერად შავ სიაში ჩასვამს, რაც პრაქტიკულად, გამორიცხავს მათ მომდევნო ფუნქციონირებას.

შესაბამისად, სანქციებთან დაკავშირებით ქართულ ბანკებს არანაირი სხვა არჩევანი არ ჰქონდათ, ქალბატონმა თურნავამ განკარგულება რომ გამოსცეს კი არა, სულ რომ ბანკის წინ მივიდეს და ტრანსფარანტი დაიჭიროს ამ მოთხოვნით, ამას მაინც ვერცერთი კომერციული ბანკი ვერ გააკეთებს. გამორიცხულია.

ეს განკარგულება იმ მთავარი შიშის გამოძახილია, რომელიც ამ ხალხს აწუხებს. მათ აწუხებთ საკუთარი ქონების დაცვა. მე ცოტა განსხვავებული პოზიცია მაქვს, არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მაინცდამაინც ოთარ ფარცხალაძის დასაცავადაა მიღებული. ეს გადაწყვეტილება რეფლექსიაა მათ მთავარ შიშზე, მათი პიროვნებები და ქონება იყოს დაცული, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ ვერავინ გაექცევა ამას. შარშანწინ, სიტყვა სანქციაზეც კი ეცინებოდათ, ახლა კი ვხედავთ, როგორ მივიწევთ ბელარუსად გაფორმებისკენ ყოველკვირეულად,“- აღნიშნა ქადაგიძემ.

თაია არდოტელი