ფორთოხლის წვენის ფიუჩერსები ოთხშაბათის ვაჭრობის დროს ფუნტზე 3,69 დოლარამდე გაიზარდა, რაც ახალი რეკორდია. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
წვენის ფასი ერთ თვეში 13%-ით, ხოლო წელიწადში, თითქმის, 78%-ით გაიზარდა.
ფორთოხლის წვენზე ფასის ზრდის მიზეზი ქარიშხლები და უამინდობაა, რის გამოც ამერიკის მთავარ მწარმოებელ შტატ ფლორიდაში გასულ წელს მოსავალი, თითქმის, 80 წლის მინიმუმამდე დაეცა. მოსავალზე შარშანდელმა ყინვებმაც ცუდად იმოქმედა.
ივლისში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ წელს ფლორიდიდან ფორთოხლის მიწოდება მხოლოდ 15,9 მილიონ ყუთს შეადგენს, რაც, 2020-2021 წლების სეზონთან შედარებით, 70%-ით ნაკლებია.
ფორთოხლის წვენის ექსპორტიორებმა, მათ შორის ბრაზილიამ და მექსიკამ, წლევანდელი პროგნოზი უამინდობის გამო, ასევე, შეამცირეს.
ამდენად, ფორთოხლის წვენი იმ პროდუქტების კატეგორიაში მოხვდა, რომელთა ფასებიც, ინფლაციის შენელების მიუხედავად, იზრდება. მათ შორის არის დაუმუშავებელი შაქარი და კაკაო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ