„საქართველოს შეიძლება დაემუქროს საფრთხე, რომ  ვკლასიფიცირდეთ როგორც საყურადღებო, „რუხ სიაში“ შემავალი ქვეყანა - გაიზრდება  საპროცენტო განაკვეთები, გადარიცხვებს დასჭირდება დღეები და ხშირ შემთხვევაში კვირები...“

„საქართველოს შეიძლება დაემუქროს საფრთხე, რომ ვკლასიფიცირდეთ როგორც საყურადღებო, „რუხ სიაში“ შემავალი ქვეყანა - გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები, გადარიცხვებს დასჭირდება დღეები და ხშირ შემთხვევაში კვირები...,“ – ასე აფასებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას გადაწყვეტილებით 19 სექტემბერს, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანას და გამონაკლისის დაშვებას.

ცნობისთვის, ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება შეეხოს საქართველოს მოქალაქეს თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. შედეგად, აშშ-ს მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგებოდა. თუმცა, სებ-ის განკარგულების მიუხედავად კომერციული ბანკები აცხადებდნენ, რომ ამ საგამონაკლისო წესს არ აქვს ვალდებულების ძალა და ბანკები დაიცავდნენ სრულყოფილად საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. თურნავას განკარგულების შემდეგ სებ-ი დატოვეს სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ, ასევე მრჩევლის პოზიცია დატოვა გიორგი ბაქრაძემაც.

„ვხედავთ ერთ დღეში მიღებულ გადაწყვეტილებას, თან არა ეროვნულ ბანკში. ჯერ კანონი, რომლითაც ნათია თურნავას დანიშვნა მოხდა სებ-ში, რის შედეგადაც სავალუტო ფონდმა პროგრამა შეაჩერა, შემდეგ თურნავა მოდის და ხდება უზარმაზარი შიდა საბანკო სესხების გაცემა „ლიბერთისა“ და „საქართველოს ბანკს“ ვგულისხმობ, როდესაც „ლიბერთის“ აქციები ჩაიდო „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ, რაც არის ყველანაირი კონკურენციის დარღვევა და უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტი. მესამე ალბათ იმეილით მიღებული გადაწყვეტილება სადღაც პარტიიდან, რომ სანქციებთან დაკავშირებით ასეთი განკარგულება უნდა გამოცემულიყო, რაც არის კატასტროფის ტოლფასი.

რეალურად ეს ნიშნავს რომ საქართველოს შეიძლება დაემუქროს საფრთხე რომ ვკლასიფიცირდეთ - როგორც საყურადღებო ქვეყანა, არაკოოპერირებადი ქვეყანა, ე.წ. რუხ სიაში შემავალი ქვეყანა. ეს დააზიანებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რადგან თუ ჩვენ არაკოოპერირებად ზონაში აღმოვჩნდით, ეს ნიშნავს რომ წვდომა ფინანსებზე შეიზღუდება, გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები, გადარიცხვებს დასჭირდება დღეები და ხშირ შემთხვევაში კვირები, ყველანაირი საფუძვლის გარეშე მოხდება შეჩერება საერთაშორისო ტრანზაქციების, მოითხოვენ დამატებით დოკუმენტებს, ეს იქნება იმხელა ქაღალდომანია, რომელიც პრაქტიკულად ძალიან გაურთულებს ცხოვრებას, როგორც ფიზიკურ პირებს, ისე მცირე თუ საშუალო მეწარმეებს და ა.შ.

ჩვენ საერთაშორისო ფინანსური სამყაროს ნაწილი ვართ, ამ საერთაშორისო ფინანსურ სამყაროსთან გვაკავშირებს სულ 2 ამერიკული და 1 გერმანული ბანკი, რომლებმაც საკმარისია თქვან რომ საქართველო მიეკუთვნება უფრო მაღალი რისკის ზონას, რადგან იქ არ ხდება ჩვენთან თანამშრომლობა, არ იცავენ ჩვენ საერთაშორისო გაიდლაინებს, ეს შეიძლება მოხდეს ერთ დღეში, ერთ საათში და ავტომატურად ჩვენი ყოფა კიდევ უფრო გაუარსედება,“- განაცხადა ქადაგიძემ.

თაია არდოტელი