"პროექტი "პანორამა თბილისი" 6 000 მოქალაქეს დაასაქმებს"

საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის რიმა ბერაძის განცხადებით, თანაინვესტირების პროექტი "პანორამა თბილისი" 6 000 მოქალაქეს დაასაქმებს.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პროქტის განხორციელებისთვის ერთი მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება, თუმცა ბიუჯეტიდან ამისთვის არც ერთი თეთრი არ გადაირიცხება. ბერაძის თქმით, პროექტი არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იქნება და ის საბაგიროსა და დაწოლილი ლიფტების საშუალებით ქალაქის ისტორიულ და ცენტრალურ უბნებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

"პროექტი 4 ნაწილისგან შედგება. სოლოლაკის ბაღები, სოლოლაკის მთები, ერეკლეს მოედანი და თავისუფლების მოედანი. ცეკავშირის შენობის ადგილას 241-ადგილიანი, 7- ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება, საიდანაც საბაგირო გზით მოხდება დაკავშირება სოლოლაკის მთებამდე", - განაცხადა ბერაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პროექტში ჩართულია არქიტექტორები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან, თავად პროექტი კი საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა შეადგინა.

მისი შეფასებით, ბრალდებები იმის შესახებ, რომ პროექტი ქალაქის ისტორიულ ნაწილს ეხება, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. საკრებულოს დეპუტატის თქმით, პროექტი მოქალაქეთა დასაქმების კუთხითაც მნიშვნელოვანია.

"პროექტის ავტორებმა ქალაქში არსებული პარკინგის პრობლემებიც გაითვალისწინეს, "პანორამა თბილისის" ფარგლებში, 1800 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა სადგომი აშენდება. მშენებლობის პროცესში, პროექტის ფარგლებში 6 000 ადამიანი, ხოლო დასრულების შემდეგ მუდმივ სამუშაო ადგილებზე 2 000 ადამიანი დასაქმდება, სადაც ხელფასის სახით 150 მილიონი ლარი გაიცემა. აქ იქნება ევროპაში ყველაზე დიდი - ათასკაციანი დარბაზი. ეს იქნება კავკასიის რეგიონში ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი პროექტი. აქ იქნება დარბაზები სპორტის ყველა სახეობისთვის, ღია და დახურული აუზები, იმოქმედებს შეღავათები სოციალურად დაუცველ ბავშვებსა და მრავალშვილიან ოჯახებზე. იმოქმედებს საგანმანათლებლო დარბაზები და ყველა ტიპის კულტურული დაწესებულება", - განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ პროექტის ბოლო ეტაპზე 30 000 მარადმწვანე ხე დაირგვება.