ევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან საწვავის იმპორტი შესაძლოა, გაიზარდოს. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის აკრძალვა სწორედ აღნიშნულ კავშირს არ ეხება, საწვავის იმპორტიორები არ გამორიცხავენ, რომ პროდუქტის შეძენა სწორედ ამ ქვეყნებში მოხდეს.
მით უფრო, რომ საწვავი, მცირე რაოდენობით, ისედაც შემოდის ბელარუსიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან.
როგორც „სენტა ოილის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთზე, თუ რა პოლიტიკას გაატარებს ამ ქვეყნებიდან საწვავის რეექსპორტზე.
კითხვაზე, პერსპექტივაში, რა უფრო სტაბილურია, ევროპის ქვეყნებზე გადართვა, თუ ევრაზიული ქვეყნებიდან სარგებლის ნახვა, ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ ბიზნესი, სადაც უფრო მისაღები პირობები იქნება, იმ შანსს გამოიყენებს.
„თუ ეს საფასო პოლიტიკაში ჩაჯდება, უფრო უკეთესი და საინტერესო იქნება, ვიდრე საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასები, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამ ქვეყნებიდან საწვავის შემოტანა. მთავარია, თვითონ რუსეთის მხრიდან არ ჰქონდეთ შეზღუდვები რეექსპორტთან დაკავშირებით.
საწვავის ღირებულება ალბათ, დამოკიდებული იქნება, რუსეთზე, თუ რა ფასად გაყიდის ამ ქვეყნებზე პროდუქტს. ბიზნეს მიდგომაა, თუ ამ ქვეყნებისთვის საინტერესო იქნება საქართველოს ბაზარი, ფასზეა დამოკიდებული ბევრი რამ...
რაც შეეხება კითხვას, ჩვენთვის პერსპექტივაში რა უკეთესი იქნება, ეს არის ბიზნესი, საიდანაც უფრო საინტერესო შემოთავაზება იქნება, იქით წავა... მთავარია, ხარისხი და ფასი. თუ ორივე მისაღები იქნება, ევროპულთან მიმართებით, მაშინ იქით მოხდება გადასვლა“, - აღნიშნა ზაალ იაკობიძემ.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 916,759 ტონა 716,219 მლნ აშშ დოლარის საწვავი შემოვიდა, საიდანაც თითქმის 70%, 639 472 ტონა (ჯამურად) რუსეთზე, ბელარუსზე, სომხეთსა და ყაზახეთზე მოდის.
უფრო კონკრეტულად, წელს იანვარ-აგვისტოში რუსეთიდან 622,697 ტონა (435,049 მლნ აშშ დოლარი) საწვავი შემოვიდა, ბელარუსიდან 16 686 ტონა (13,063 მლნ აშშ დოლარი), ყაზახეთიდან - 88 ტონა (63.06 ათასი აშშ დოლარი), სომხეთიდან 0.18 ტონა (2.62 ათასი აშშ დოლარ).