საქართველოში ახალგაზრდების 46%-ს ფინანსურად მშობლები უზრუნველყოფენ. ამის შესახებ „დამოუკიდებელი საქართველოს თაობა: იმედებსა და გაურკვევლობას შორის - ახალგაზრდობის კვლევა 2023“-ში არის აღნიშნული.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა 37%-ს საკუთარი შემოსავალი აქვს, ყოველი ათიდან დაახლოებით ერთი ახალგაზრდა (12%) კი, ფინანსურად პარტნიორზეა დამოკიდებული.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა 7% სახელმწიფო დახმარებას იღებს, საოჯახო პენსიას 5%, ხოლო გამოკითხულთა ერთ პროცენტზე ნაკლებისთვის შემოსავლის წყარო უძრავი ქონების გაქირავებთ მიღებული შემოსავალი, გრანტი ან სტუდენტური სესხია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარკვეული სახის პირადი შემოსავალი, მეტი ალბათობით, ახალგაზრდა მამაკაცებს უფრო აქვთ (49%), ვიდრე ქალებს (28%).
გარდა ამისა, რესპონდენტებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება (65%) და დასაქმებულ ახალგაზრდებს (96%) უფრო მეტად აქვთ საკუთარი შემოსავალი. თბილისს გარეთ, მათ შორის, სხვა ქალაქებში (33%) და სოფლად (32%) მცხოვრებ ახალგაზრდებს ნაკლებად აქვთ საკუთარი შემოსავალი.
ცნობისთვის, ახალგაზრდობის კვლევა ფრიდრიხ ებერტის ფონდმა პირველად 2016 წელს ჩაატარა, განმეორებით კი 2023 წელს.