ოლივერ ვარჰეი - მომდევნო კვირების განმავლობაში დაინახავთ გაფართოებაზე ჩვენს ახალ ხედვას და პაკეტს, რომელიც ახლა მოიცავს 10 კანდიდატ ან ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანას

ევროკავშირი გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს დამატებით თანხებსა და ბაზარზე წვდომას შესთავაზებს. ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეთავაზება ჯამში 10 ქვეყანას შეეხება, 8 კანდიდატის სტატუსის მქონეს (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა) და 2 ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანას (საქართველო და კოსოვო).

“მომდევნო კვირების განმავლობაში დაინახავთ გაფართოებაზე ჩვენს ახალ ხედვას და პაკეტს, რომელიც ახლა მოიცავს 10 კანდიდატ ქვეყანას ან ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანას”, - განაცხადა ვარჰეიმ.

მისი თქმით, ამ სქემით აღნიშნული ქვეყნები სრულფასოვან წევრობამდე ევროპულ ბაზარსა და ევროკავშირის ოთხ თავისუფლებაზე - საქონლის, მომსახურების, შრომისა და კაპიტალის თავისუფალ მიმოქცევაზე - თანდათანობით წვდომას მოიპოვებენ.

“გვსურს ამ ქვეყნების ჯერ კიდევ გაწევრიანებამდე ერთიან ბაზარში, თანდათანობითი ინტეგრირების შესაძლებლობა შევქმნათ, ვინაიდან ეს მომგებიანი იქნება ევროკავშირისთვის და კანდიდატი ქვეყნებისთვის,” - განაცხადა ვარჰეიმ.

მისი თქმით, ევროკომისიის წინადადება ევროკავშირისგან კანდიდატი ქვეყნებისთვის დამატებით თანხმებსაც მოითხოვს, რათა შეძლონ გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების დაჩქარება.