ცნობილი ბრენდები, რომლებიც საქართველოში იკერება

უცხოური ბრენდების წარმოების საშუალოდ 95%-ზე მეტი ექსპორტზე რეგიონებიდან გადის.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ სავაჭრო ობიექტებს დიდი თავსატეხი გაუჩინა. დოლარის კურსის აწევამ მაღაზიებისთვის ქირის გაზრდა განაპირობა, რის გამოც ტანსაცმლის ბევრმა სავაჭრო ობიექტმა არსებობა შეწყვიტა. ამ საკითხზე bpn.ge ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში წერდა, მაშინ, როდესაც პეკინის ქუჩაზე ზედიზედ სამი მაღაზია დაიხურა, რამდენიმე მაღაზიამ კი მუშაობა ვაკეში და ვაჟა-ფშაველას გამზირზე შეწყვიტა. ამჯერად თქვენს ყურადღებას საქართველოში ტანსაცმლის წარმოებაზე შევაჩერებთ.

ქართველებს კარგად ჩაცმა რომ უყვართ, ეს ნამდვილად არ არის ახალი ამბავი. მუდმივად მიიჩნეოდა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო გემოვნებით სწორედ ჩვენი ერის წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ.

ტანსაცმელი ეროვნული კულტურის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, რომელიც იქმნება ეროვნული ხასიათის, ცხოვრების წესისა და ბიოგეოგრაფიული გარემოპირობების საფუძველზე. ამასთანავე, სამოსის სახესა და სტილს განაპირობებს ეკონომიკური და სოციალური ვითარება, ამიტომაც ტანსაცმლის ესა თუ ის ფორმა, მისი ძირითადი სახე, მხოლოდ გარკვეული ეთნოსისთვისაა დამახასიათებელი.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ქართული ეროვნული ტანსაცმელი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და ამავე დროს სერიოზულ ცვლილებებს განიცდიდა, როგორც თავისი ბუნებრივი განვითარების საფუძველზე, ისე მეზობელ ხალხებთან ურთიერთობის შედეგად. შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ჩასაცმელმა, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, ეტაპობრივად რამდენიმე ძირითადი ხასიათის ცვლილება განიცადა; საბოლოოდ კი, ფეოდალური წყობილების დასრულებასთან ერთად, დაკარგა თავისი მნიშვნელობა და ფაქტობრივად, განდევნილი იქნა ხმარებიდან.

რაც შეეხება სამოსით ვაჭრობას, თბილისი ყოველთვის ასრულებდა ამიერკავკასიის პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური ცენტრის ფუნქციას. მთავარ სავაჭრო ცენტრს თათრის მოედანი და შუა ბაზარი წარმოადგენდა. ეს უკანასკნელი კოჯრის კართან იწყებოდა და დღევანდელი კოტე აფხაზის (ყოფილი გენერალ ლესელიძის) ქუჩას მიუყვებოდა მეიდნამდე. ვიწრო ქუჩის ორივე მხარეს განლაგებული იყო სავაჭროები და სახელოსნოები. ყველა სავაჭრო უბანს თავისი სახელი ერქვა. ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო სახლს ქარვასლა წარმოადგენდა, რომელიც ასევე სასტუმრო სახლიც იყო. ძველად მას ფუნდუკსაც უწოდებდნენ. XIX საუკუნის თბილისში ორ ათეულზე მეტი ქარვასლა იყო. ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქარვასლა სიონის კათედრალის სამხრეთით მდებარეობდა.

მე-20 საუკუნის თბილისისთვის კი უკვე დამახასიათებელია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროპის ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ინგლისი და საფრანგეთი.

როგორც bpn.ge-ის პროექტის - ”თბილისი იყო ურთიერთობა” ავტორმა რუსა შენგელიამ უამბო, ჯერ კიდევ 1920 წლიდან ფიქსირდება ჩვენი ურთიერთობები ევროპულ ქვეყნებთან, საიდანაც ქართველი მეწარმეები (ანუ მცირე ბიზნესის მქონე მდიდარი ადამიანები) საკუთარი საკონდიტროებისთვის ესენციალებს იწერდნენ. რუსა შენგელიას ინფორმაციით, ამ პერიოდის თბილისში გვქონდა კონიაკის ქარხანა, შოკოლადის ქარხანა, ღვინისა და შამპანურის მწარმოებელი ქარხანა. ”რაც შეეხება ძველი თბილისელი ხალხის ჩაცმას, რუსთაველის მაშინდელ პროსპექტზე ეწყობოდა საღამოს სეირნობები, სადაც ქალაქის მცხოვრებნი თავს საკუთარი სამოსით იწონებდნენ. ხანში შესულ ადამიანებს ხელში ტროსტები ეკავათ და ცილინდრები ეხურათ, ახალგაზრდები ოპერის ბაღში იკრიბებოდნენ და გამვლელ- გამომვლელებს და ზოგადად უბნელებს სახლამდეც კი აცილებდნენ”,- განაცხადა bpn.ge-სთან საუბრისას ცნობილი ფეისბუქ-გვერდის - ”თბილისი იყო ურთიერთობა” ავტორმა.

ტანსაცმლის წარმოება დღეს

2012 წლის მონაცემებით, საქართველოში მთლიანობაში 200-მდე სამკერვალო ფაბრიკა არსებობს. მათი 95% მცირე და მიკრო საწარმოებია: მაგალითად, ატელიეების ტიპის მცირე წარმოებები. თბილისში მდებარეობს 15-მდე მსხვილი ( თითო საწარმოში დასაქმებულია 100-დან 500-მდე ადამიანი) და საშუალო საწარმო (თითო საწარმოში დასაქმებულია 40-დან 100-მდე პიროვნება). ამ საწარმოების 90% ქართული ინვესტიციებით არის შექმნილი და ძირითადად ტანსაცმელს სამი ტიპის სეგმენტისთვის აწარმოებენ. ყველაზე მსხვილი სახელმწიფო ორგანიზაციების და კერძო სექტორის სეგმენტია: მათთვის ძირითადად სასტუმროების, რესტორნების, საწვავის იმპორტიორების, პოლიციის, ჯარის, სახელმწიფო დაცვის პერსონალისთვის განკუთვნილი უნიფორმები იკერება.

bpn

ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ძირითადი გაყიდვების არეალი ე.წ ლილოს და ვაგზლის ბაზრობებია. თუმცა, საქართველოში დამზადებული საერთაშორისო ბრენდები ექსპორტზე გადის. ბოლო დროს მათი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზეც გამოჩნდა, მათ შორის, სპეციალურ მაღაზიებსა და დიდ სუპერმარკეტებში.

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ტანსაცმლის ფასი, როგორც წესი, ორნიშნა რიცხვს არ ცდება. დღეს საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობით მაისურები, შარვლები, პერანგები, ჯინსის შარვლები, ქურთუკები და პალტოები იკერება. საერთაშორისო ბრენდების ძირითადი საექსპორტო ბაზრები კი თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია და უკრაინაა.

აღსანიშნავია, რომ უცხოური ბრენდების წარმოების საშუალოდ 95%-ზე მეტი ექსპორტზე რეგიონებიდან გადის. ქუთაისში და ტყიბულში სამი საწარმო მდებარეობს. აქედან ერთი თურქული ინვესტიციით არის შექმნილი. რაც შეეხება აჭარას, აქ ხუთი მსხვილი ფაბრიკა ფუნქციონირებს, სადაც შემდეგი ბრენდების სამოსი იკერება: „პუმა“, “ლოტო“, „ზარა“, „მარკ სპენსერი“, „კოტონი“ და ასე შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიები საქართველოში წელიწადში ორჯერ გზავნიან თავიანთ წარმომადგენლებს, რომლებიც საწარმოო პროცესს აკვირდებიან.

რაც მსოფლიო ბრენდებს საქართველოში იზიდავს, პროდუქციის დაბალი თვითღირებულება, დაბალი გადასახადები და მარტივი ბიუროკრატიული პროცედურებია. ამას ემატება ევროკავშირთან ”ჯი-ეს-პი პლუსის” სისტემა. გარდა ამისა, საქართველოს ექსპორტისთვის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, გზები და პორტები განვითარებულია. ძირითად საექსპორტო ბაზრებთან შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმებით სარგებლობს: თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან – თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება; ევროკავშირთან, აშშ-სთან, კანადასთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასა და იაპონიასთან – GSP+ პრეფერენციების სისტემა. თავისუფალი საგადასახადო რეჟიმები ადგილობრივ ბაზარზეც მოქმედებს: საქართველოში არსებობს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, სადაც მწარმოებლები მოგების და სხვა გადასახადებისგან თავისუფლდებიან. ამასთან, თუ ბიზნესი მხოლოდ ექსპორტზეა ორიენტირებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, იმპორტირებულ და ექსპორტირებულ საქონელზე დღგ-ს გადასახადს არ იხდის. საბაჟო პროცედურები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მარტივია. მუშახელი იაფია, ხოლო წარმოების ხარჯი - დაბალი.

ალბათ ამ მიზეზებს უკავშირდება ის ფაქტიც, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე, იტალიის ნაკრებმა საქართველოში შეკერილი მაისურებით ითამაშა. მაშინ ქართულენოვან სოციალურ ქსელებში გავრცელდა იტალიის ეროვნული ნაკრების მაისურის ფოტო. ფოტოზე ”პუმის” ბრენდის ლოგოტიპის ქვევით ამოტვიფრული იყო წარწერა ”დამზადებულია საქართველოში”. ბევრს ეს ფოტომონტაჟი ეგონა, ბევრი კი ამტკიცებდა, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების მაისურები საქართველოში დამზადდა. ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის მესამე დღის შეხვედრაში ესპანეთის წინააღმდეგ იტალიის ეროვნულ ნაკრებს "აჭარა ტექსტილში" შეკერილი ფორმები ეცვა. იტალიის ნაკრებისთვის 200 ათასი მაისური შეიკერა და ნაკრებმა მთელი სეზონი აჭარაში შეკერილი ფორმებით გაატარა.

აჭარულ საწარმოებზე არანაკლებ პოპულარულია ქუთაისში მდებარე ორი სამკერვალო ფაბრიკა. სააქციო საზოგადოება „იმერს“ ქართველი მფლობელები ჰყავს და ისინი ძირითადად ქალის ტანსაცმელს კერავენ. შპს „ჯორჯიან ტექსტილი“ კი თურქეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული საწარმოა, რომელიც ტანსაცმლის თურქულ მაღაზიათა ქსელს „ლს ვაიკიკის“ ამარაგებს.

სააქციო საზოგადოება ”იმერია” გასული საუკუნის 20-იან წლებში აშენდა. საწარმომ საბჭოთა კავშირის ნგრევისა და საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი ათწლეულის რთულ პერიოდს დიდი ძალისხმევის შედეგად გაუძლო. ”იმერმა”, ძველი საწარმოო რესურსების მეშვეობით, ინვესტიციების გარეშე შეძლო უცხოური კომპანიის ყურადღების დამსახურება ჯერ კიდევ 1995 წელს. ეს ის პერიოდია, როდესაც სამკერვალო საწარმოებმა ევროპიდან აზიისკენ გადასვლა იწყეს.

მარი მელიქიშვილი