რუსული ენერგოგიგანტი, Inter RAO აანონსებს, რომ ექსპორტირებულ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა სამომავლოდ საქართველოსა და თურქეთსაც შეეხება, თუმცა ამ ქვეყნებში მიწოდება ოქტომბერში დაგეგმილი არ ყოფილა. ამის შესახებ Inter RAO-ს წარმომადგენელმა, ალექსანდრა პანინამ „კომერსანტს“ განუცხადა.
ამასთან, Inter RAO 1-ლი ოქტომბრიდან მთლიანად შეაჩერებს ან შეზღუდავს ელექტროენერგიის ექსპორტს აზერბაიჯანში, ჩინეთსა და მონღოლეთში, თუ კონტრაგენტები 7%-ით გაზრდილ ფასს არ გადაიხდიან, რაც რუსეთში იმავე ოდენობით გაზრდილმა საექსპორტო გადასახადმა გამოიწვია. პანინას თქმით, ენერგოკომპანიამ აზერბაიჯანს, ჩინეთსა და მონღოლეთს ფასის 7%-იანი ზრდის შესახებ უკვე აცნობა.
„თუ ხვალ თანხმობას ვერ მივიღებთ, ჩვენ შეზღუდვებს დავაწესებთ ან მოცულობას მთლიანად შევწვყვეტთ,” - აცხადებს პანინა.
21 სექტემბერს ფედეერაციის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, 1-ლი ოქტომბრიდან 2024 წლის ბოლომდე საქონლის ფართო სპექტრზე 4-7%-იანი საექსპორტო გადასახადი ერთი დოლარის 80 რუბლზე და მეტი გაცვლითი კურსით ამოქმედდება, ანუ ბაჟის განაკვეთი რუბლის დაცემასთან ერთად გაიზრდება. გამონაკლის საქონელს შორის არის ნავთობი, გაზი, მარცვლეული და ხე-ტყე.
„წელს, აპრილ-მაის-ივნისში მიწოდება თურქეთში შევასრულეთ. საქართველოსა და თურქეთში მიწოდება იქნება, თუმცა ამჟამად არ გვაქვს… ასევე, პარალელური მუშაობის ფარგლებში, მიმდინარეობს მიწოდება აზერბაიჯანში, ხოლო, დაახლოებით, 20 მეგავატი „სამხრეთ ოსეთს“ მიეწოდება,” - აცხადებს პანინა.
ცნობისთვის: კომპანია „თელასის” აქციების საკონტროლო პაკეტს (75.108%) ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V ფლობს, რომლის დამფუძნებელიც რუსული Inter RAO-ა. ამასთან, 24.529%-ს შპს „ბეტს ენერჯი გრუპი,“ ხოლო 0.363%-ს დანარჩენი აქციონერები ფლობენ.
დივერსიფიცირებული ჰოლდინგი, Inter RAO რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის ერთადერთი ოპერატორია. 2023 წლის ბოლოსთვის რუსეთიდან ელექტროენერგიის ექსპორტის მთლიანი მოცულობა, საექსპორტო გადასახადების შემოღებამდე, 10,5 მილიარდ კვტ/სთ-ად იყო შეფასებული, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია. რუსული ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობით წელს პირველ ადგილს ყაზახეთი, მეორეს კი ჩინეთი დაიკავებს.
2022 წლის ბოლოსთვის Inter RAO-ს მთავარი აქციონერი „როსნეფტეგაზი“ (26,37%) იყო, ხოლო Inter RAO Capital-ის წილი 29,56%-ს შეადგენდა. ასევე, 2021 წლის ბოლოსთვის 8,57%-იანი წილი ფედერალურ ქსელურ კომპანია „როსსეტის“ ეკუთვნოდა, ხოლო 34,24%-იანი წილი თავისუფალ მიმოქცევაში იყო. ამ აქციების შესახებ უახლესი მონაცემები გასაჯაროვებული არ არის.
იხილეთ ასევე:
ახალი საექსპორტო გადასახადი - „თელასის“ რუსი მეწილე ელექტროენერგიის გაძვირებას არ გამორიცხავს
ელექტროენერგიის იმპორტში რუსეთის წილი გაიზარდა - როგორია ბოლო 5 წლის მონაცემები
მოამზადა ლადო სულაბერიძემ