რუსეთის წილი იმპორტში ასეთი მაღალი 2007 წლის შემდეგ აღარ ყოფილა - 2023 წელს ჩრდილოეთიდან საწვავის იმპორტი 75%-ით გაიზარდა - TI

საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ზრდას განაგრძობს - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო კვლევას აქვეყნებს, რომელშიც დეტალურადაა განხილული,დარგები, სფეროები, პროდუქტები და პროდუქცია, რომლითაც რუსეთზე ეკონომიკური ბმა უფრო მყარი ხდება.

ორგანიზაციის ცნობით, 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა. დამოკიდებულების ზრდა 2023 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა.

2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 34%-ით გაიზარდა და 344 მლნ დოლარი შეადგინა. საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 11.3% იყო, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე. ექსპორტის ზრდა ყველაზე მეტად ავტომობილების რეექსპორტის ზრდამ განაპირობა;

რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსული საქონლის საქართველოში იმპორტი 31%-ით გაიზარდა და 927 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (გრაფიკი 3). საქართველოს მთლიან იმპორტში რუსეთის წილი 12.9% იყო, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე. წლის პირველ ნახევარში, რუსეთის წილი იმპორტში ასეთი მაღალი 2007 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. 2021 წლის 6 თვესთან შედარებით რუსეთიდან იმპორტი 2-ჯერ არის გაზრდილი.

2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი გაიზარდა - 137 მლნ დოლარით (75%-ით). 2021 წლის 6 თვესთან შედარებით ნავთობპროდუქტების იმპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი. ბუნებრივი აირის იმპორტი 45 მლნ დოლარით (138%-ით) გაიზარდა, შავი ლითონების იმპორტი 20 მლნ დოლარით (71%-ით). მნიშვნელოვნად შემცირდა მარგარინის 22 მლნ დოლარით (87%-ით), ელექტროენერგიის 15 მლნ დოლარით (96%-ით) და სატელეფონო აპარატების 8 მლნ დოლარით (96%-ით) იმპორტი.

მიმდინარე წლის 6 თვეში რუსეთიდან იმპორტში პირველ ადგილზე ნავთობპროდუქტები იყო 321 მლნ დოლარით. მეორე ადგილზე ბუნებრივი აირი იყო 78 მლნ დოლარით.

იხილეთ კვლევა: საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ზრდას განაგრძობს

თამარ მუკბანიანი