როგორ შეაბიჯა სოკოს ტყავმა დიდ მოდაში - ამერიკელი მხატვრის წარმატების ისტორია

20 სექტემბერს ამერიკელ მხატვარ ფილ როსის კომპანია MycoWorks-მა პირველი კომერციული ქარხანა გახსნა, რომელიც მიცელიუმისგან (სოკოს ვეგეტატიური სხეულისგან) ხელოვნურ ტყავს აწარმოებს. MycoWorks-ის ბიომასალა, Reishi მსგავსი პროდუქტებისგან იმით განსხვავდება, რომ შემადგენლობაში პლასტმასს არ იყენებს. MycoWorks-ის პარტნიორებს შორის უკვე არის Hermès და General Motors. Forbes Life წერს, თუ როგორ წამოიწყო სტარტაპი და როგორ მიიზიდა მისი რეალიზაციისთვის 125 მლნ დოლარი ფილ როსმა, რომელსაც თავისი ხელოვნების ნიმუშებისთვის მიცელიუმი მოჰყავდა.

380086382-282671344551606-1232943458318919840-n-1695991495.jpg

მხატვარმა და მოქანდაკე ფილ როსმა სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტი დაამთავრა, თუმცა სადაც არ უნდა ყოფილიყო, მისი კარიერა ყოველთვის სოკოების შესწავლას უკავშირდებოდა. პოლ სტამეტსის წიგნის, „სოკოს კულტივატორი: სახლის პირობებში სოკოს მოშენების პრაქტიკული გზამკვლევის“ წაკითხვის შემდეგ, როსმა გადაწყვიტა, თავისი ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინა და საკუთარ ბინაში პატარა ლაბორატორია მოაწყო. მან ექსპერიმენტი ჩაატარა შუქზე, ჰაერზე, ტემპერატურაზე, სუბსტრატებზე, ფორმებზეც კი და შეისწავლა, თუ როგორ მოშენდებოდა მიცელიუმი მოცემულ გარემოში. ფილმა სოკოების ზრდისთვის ბარიერები შექმნა და მათი მოშენება სასურველი ფორმებით დაიწყო. კერძოდ, მხატვარი სოკოებს გეომეტრიული ფიგურებივით რთულ მოხრილ ან შედარებით ჩვეულებრივ ფორმებს აძლევდა.

379635446-2072391919764806-8093123823953644364-n-1695991514.jpg

სამშენებლო მასალად მიცელიუმის გამოყენების მიზნით ფილმა შექმნა თაღი, რომელიც 2009 წლის გამოფენაზე წარადგინა. 2012 წელს სოკოს სკამებისა და ტაბურეტების ახალი კოლექციით ფილ როსმა სამშენებლო ინდუსტრიის და მედიისა ყურადღება მიიპყრო. მშენებლებმა როსის ნამუშევრებში სერიოზული პოტენციალი დაინახეს.

იმ დღიდან მოყოლებული, ფილის ტელეფონზე შემავალი ზარები არ წყდებოდა. რეკავდნენ მსხვილი კომპანიების, მათ შორის Google-ისა და 3M-ის წარმომადგენლები. მხატვარი მიხვდა, რომ საქმეს მარტო ვეღარ გაუმკლავდებოდა და გადაწყვიტა, საკუთარი ორგანიზაცია, MycoWorks შეექმნა, რომელშიც თანადამფუძნებლად მხატვარი და მწერალი, სოფია ვანგი მიიწვია. ვანგი მანამდე, 2007 წლიდან, ფილს გამოფენების მომზადებაში ეხმარებოდა. იმის მიუხედავად, რომ არც ფილს და არც სოფიას ბიზნესის არაფერი გაეგებოდათ, მათ მაღაზიების ქსელ Home Depot-სა და Lowe's-თან დაკავშირება მოახერხეს, რომლებიც სამშენებლო-სარემონტო მასალებს ყიდიან. ისინი მიცელიუმს კედლებს შორის იზოლაციად და „გიბსოკარტონის“ (მშრალი კედლის) შემცვლელად მოიაზრებდნენ.

თუმცა მასალის დიდი მოცულობით და დაბალ ფასად წარმოება MycoWorks-ისთვის შეუძლებელი იყო, რადგან მიცელიუმის გაზრდა სწრაფი, მაგრამ ძვირი პროცესია, ეკონომიამ კი შესაძლოა, ცუდი ხარისხი გამოიწვიოს. ეს კომპანიის დამფუძნებლების პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ MycoWorks-მა სამშენებლო ინდუსტრია დატოვა და სრულიად განსხვავებული ბაზრების შესწავლა დაიწყო.

2015 წლის ბოლოს, როცა, ტყავის საერთაშორისო საბჭოს მონაცემებით, ფეხსაცმლის ინდუსტრია ტყავის ყველაზე დიდი მომხმარებელი გახდა, ფილს და სოფიას ფეხსაცმლის კომპანიამ მიაკითხა. მას მიცელიუმის მოქნილი ფორმები აინტერესებდა, რამაც MycoWorks-ის დამფუძნებლებს „ჩააწვეთა“ იდეა, რომ მათ მიერ მოშენებული მასალისგან ხელოვნური ტყავი შეექმნათ.

დაფინანსების ძიებაში მათ გადაწყვიტეს, ბიოტექნოლოგიური პროექტების აქსელერატორ IndieBio-სთვის მიემართათ, რომლემაც MycoWorks 250,000 დოლარით დააფინანსა. ამის შემდეგ ფილი და სოფია მიცელიუმს მხოლოდ ხელოვნური ტყავის შესაქმნელ მასალად იყენებდნენ. მოგვიანებით ბიომასალას „Reishi“ ეწოდა. მაგალითად, თუკი ნატურალური ძროხისგან მისი ტყავის ზომის ნაჭრის მიღებას სამი წელი სჭირდება, მიცელიუმზე დაყრდნობით მსგავსი ფრაგმენტის შექმნას მხოლოდ ორი კვირა უნდა. ამით პროექტმა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის რამდენიმე გლობალური ბრენდის ყურადღება მიიპყრო. მალე MycoWorks-მა კალიფორნიის ქალაქ ემერვილში საწარმოო ობიექტი და სათაო ოფისი გახსნა.

2020 წლის თებერვალში ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ბიომასალა Reishi-ს პირველი ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა, რამაც 62 მლნ დოლარის დაფინანსება მიიზიდა. MycoWorks-ისთვის უდიდესი გარღვევა გახდა 2021 წელს ფუფუნების ბრენდ Hermès-თან თანამშრომლობა, რის შედეგადაც Victoria-ს სამგზავრო ჩანთა გამოვიდა.

მიცელიუმის ტყავის წარმოებას, ასევე, მხარი დაუჭირა ქუდების დიზაინერ ნიკ ფუკემ, რომელსაც იმდენად სურდა ხელოვნური ტყავის გამოცდა, რომ Reishi-ს ფურცლების მიღებიდან პირველი ქუდი 24 საათში შექმნა. დიზაინერის თქმით, მისმა ერთ-ერთმა მკერავმა სოკოს ტყავის ქუდი ნამდვილი ტყავისგან ვერც კი განასხვავა. მიცელიუმის ტყავის ქუდების კოლექცია ნიკ ფუკემ 2022 წლის 18 ივლისს წარადგინა. იმავე წელს MycoWorks-ის ინვესტორებს საავტომობილო კონცერნი, General Motors შეუერთდა.

382895470-244295448613472-7967816868264021232-n-1695991559.jpg

კომპანია სწრაფად იძენდა პოპულარობას და მის მასალაზე მოთხოვნა იზრდებოდა, ამიტომ წარმოების მოცულობის კიდევ ერთხელ გაზრდა გახდა საჭირო. MycoWorks-მა დამატებით 125 მლნ დოლარის ინვესტიცია მიიზიდა და პირველი კომერციული ქარხნის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის 20 სექტემბერს გაიხსნა. ქარხანას 136,000 კვადრატული ფუტი ფართობი უკავია და მასში, დაახლოებით, 350-კაციანი გუნდი არის დასაქმებული. MycoWorks ყოველწლიურად 1 მილიონ კვადრატულ ფუტზე მეტ Reishi-ს მასალას აწარმოებს.

270841196-1365115790604310-4370922863920999960-n-1695991578.jpg

ბიომასალა Reishi-ის ფასი ამჟამად პრემიუმტყავის ფასებს უტოლდება. მაგალითად, სოკოს ტყავისგან დამზადებული Hermès-ის ჩანთა 4 200 დოლარი, ხოლო დიზაინერ ნიკ ფუკეს კოლექციის ქუდი 775-დან 1 675 დოლარამდე ღირს. Reishi-ის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ წარმოების გაფართოება ფასს შეამცირებს, რაც საშუალებას გააჩენს, Reishi მხოლოდ ფუფუნების საგნებისთვის კი არა, სხვა პროდუქციის წარმოებაშიც იქნეს გამოყენებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ