ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ელექტროსკუტერების მძღოლებს პარკებსა და საცალფეხო ზონებში 5 კმ/სთ-ზე მეტი საჩქარით მოძრაობა აეკრძალათ. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
ამ გზით ქალაქის მერიას სურს, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება შემთხვევითი შეჯახებებისგან დაიცვას და საგზაო შემთხვევების რაოდენობა შეამციროს.
ახალი წესი როგორც დაქირავებულ, ასევე, კერძო ელექტროსკუტერებზე ვრცელდება. გაქირავებული მოწყობილობები სიჩქარეს ავტომატურად დააგდებენ, ხოლო კერძო სკუტერების მოძრაობას პოლიცია გააკონტროლებს.
ახალი წესებით, ასევე, სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა, ელექტროსკუტერების ტროტუარებზე გაჩერება აიკრძალა.
ტრავმების გაზრდილი რისკის გამო ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში გასაქირავებელი ელექტროსკუტერების მთლიანად აკრძალვას განიხილავენ. მაგალითად, წელს პარიზელებმა რეფერენდუმზე ქალაქში გასაქირავებელი ელექტროსკუტერების აკრძალვას დაუჭირეს მხარი.
ელექტროსკუტერების აკრძალვა შვედეთშიც სურდათ, მაგრამ საკითხი დღის წესრიგიდან მალევე მოიხსნა. სამაგიეროდ, სტოკჰოლმში ხელისუფლებამ 25-დან 12 ათასამდე შეამცირა იმ სკუტერების მთლიანი რაოდენობა, რომლებიც ქალაქის გაქირავების სხვადასხვა ქსელში არის ხელმისაწვდომი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ