ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ტურისტული გადასახადი 12,5%-მდე გაიზრდება და ევროკავშირში ყველაზე მაღალი გახდება. ინფორმაციას Dutch News ავრცელებს.
ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, მაგალითად, დღეღამეში 175-ევროიან სასტუმრო ნომერზე ტურისტული გადასახადი 15-დან 22 ევრომდე გაიზრდება.
გამოცემა წერს, რომ ტურისტული გადასახადის ოდენობით ამსტერდამი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.
ნიდერლანდების დედაქალაქში ტურისტული გადასახადის ზრდა ერთდღიანი ტურისტული ნაკადის შედინებით ქალაქისთვის ეკოლოგიური ზიანის მიყენებას უკავშირდება.
2024 წელს ქალაქის ბიუჯეტში ტურისტული გადასახადიდან 65 მლნ ევროს მიღებას მოელიან.
BBC-ის ცნობით, ამსტერდამი საკუთარი პოპულარობის მსხვერპლი გახდა, რომელიც წელიწადში 20 მილიონ ვიზიტორს იზიდავს. საკრუიზო გემების აკრძალვა ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯია ქალაქში მასობრივი ტურიზმის დასასრულებლად. მანამდე ქალაქის ხელისუფლებამ „წითელი ფანრების“ რაიონში კანაფის მოწევა აკრძალა, რაც ძალაში მაისის შუა რიცხვებიდან შევიდა. მიზეზი ისაა, რომ მოქალაქეები დიდი ხანია, „მოწეული“ ტურისტების მიერ გამოწვეულ არეულობას უჩივიან. ამასთან, ქალაქის ცენტრში რესტორნები და ბარები პარასკევ-შაბათს ღამის 2 საათამდე იხურება, ხოლო ტურისტებს ქალაქის ძველ ნაწილში ღამის 1-ლი საათის შემდეგ აღარ უშვებენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ