"ჰიუნდაის" 2 580 ავტომობილს ტექნიკური ხარვეზი აღმოაჩნდა

სამხრეთ კორეული კომპანია "ჰიუნდაის" მიერ 2014-2015 წელს წარმოებული ავტომობილების - Accent-ის 2 580 მოდელს უსაფრთხოების გაუმართავი სისტემა აღმოაჩნდა. აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ავტომობილების უსაფრთხოების სისტემა სათანადოდ არ არის უზრუნვეყოფილი. როგორც თავად ავტომწარმოებელი კომპანია "ჰიუნდაის" წარმომადგენლები აცხადებენ, პრობლემები შესაძლოა, დაბალი ტემპერატურის დროს მაშინ გაჩნდეს, როდესაც წინა სავარძელზე ბავშვი ან მოზარდი ან რაიმე სახის ტვირთი იქნება განთავსებული. არასრულყოფილმა სისტემამ შესაძლოა, ცივ ამინდში შეჯახების დროს ვერ აღიქვას წინა სავარძელზე მჯდომი ბავშვის, ან მოზარდის ყოფნა, რის შედეგადაც დიდია რისკი იმისა, რომ ე.წ "აირბაგები" არ გაიხსნას. რა გახდა ამ ტექნიკური ხარვეზის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"ჰიუნდაის" მიერ 2014 წლის 15 სექტემბრიდან 2015 წლის 10 თებერვლამდე წარმოებული Accent-ის მოდელის მფლობელებს კომპანიის სადილერო ცენტრებში უსაფრთხოების სისტემას უფასოდ და მოკლე დროში შეუკეთებენ.